კორონავირუსით დაინფიცირების ზრდის გამო შესაძლოა ევროკავშირის საზღვრები ისევ ჩაიკეტოს

ევროპის ბევრ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების დონის ზრდამ ქვეყნების ხელისუფლებები აიძულა კვლავ დაფიქრდნენ ევროკავშირის შიდა და გარე საზღვრების ჩაკეტვაზე. თუმცა საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრი, ოლივიე ვარანი ყველას აფრთხილებს, რომ ყველანაირად უნდა შეეცადონ ეს ზომა თავიდან აიცილონ. მისი განცხადებით, არ სურს ქვეყანაში განმეორებითი კარანტინი შემოიღონ, თუმცა ვირუსთან ბრძოლა მისი თქმით, დასრულებისგან ჯერ შორს არის.

დაავადებულთა რაოდენობის მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა ესპანეთში, სადაც ხელისუფლებას ლოკალური საკარანტინო ზომები შემოაქვს განსაკუთრებით დაზარალებულ რაიონებში. ბრიტანეთში ესპანეთიდან ჩასულების სავალდებულო ორკვირიანი კარანტინი ელით, თუმცა  მანამდე ამ ქვეყნებმა შეთანხმება დადეს ეგრეთწოდებული საჰაერო კორიდორის შექმნის შესახებ.

ამ კვირის დასაწყისში ესპანეთის პრემიერ მინისტრმა, პედრო სანჩესმა ბრიტანეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებას მეტისმეტად მკაცრი  უწოდა და დასძინა, რომ ესპანეთის ხელისუფლებას იმედი აქვს, ბრიტანეთი შეზღუდვების შესახებ გადაწყვეტილებას გადახედავს. მისი თქმით, ესპანეთის ტერიტორიის უდიდეს ნაწილზე კორონავირუსით დაინფიცირების დონე იმაზე დაბალია, ვიდრე თავად ბრიტანეთში.

გერმანელი მეცნიერები თვლიან, რომ ვაქცინა მომავალი წლის შუა პერიოდამდე არ გამოჩნდება. ეს ქვეყანა ერთ–ერთ ყველაზე წარმატებულად ითვლება ეპიდემიასთან ბრძოლაში. თუმცა ჯანდაცვის მინისტრმა, იენს შპანმა განაცხადა, რომ ძალიან შეშოთებულია ბოლო დღეებში განვითარებული სიტუაციით, რცა დაინფიცირების სტატისტიკამ კვლავ მკვეთრი ზრდა დაიწყო. გერმანიაში ამ დროისთვის დაავადებულთა რაოდენობა 208 ათასს აჭარბებს. გარდაცვლილია 9100 ადამიანი.

ახალი ტალღის ფონზე ზომები გაამკაცრა რუმინეთის ხელისუფლებამ. საზოგადოებრივ ადგილებში ნიღბების ტარება სავალდებულო გახდება. დაწესდება შეზღუდვები ბარების და ზოგიერთი სხვა დაწესებულების სამუშაო საათებზე. რუმინეთში დაავადებულთა რაოდენობამ ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე 47 ათასს მიაღწია. გარდაცვლილია 2200 ადამიანი. ეს ევროპაში ერთ–ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია, თუმცა ბოლო კვირას ყოველდღიურად ათასზე მეტი ახალი დაინფიცირებული ვლინდება.

მედიკოსების აზრით ეს დიდწილად რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაა, რომელმაც დაავადებულთა იძულებითი ჰოსპიტალიზაცია და ნათესავებისგან სავალდებულო იზოლაცია არაკონსტიტუციურად ცნო. შედეგად,  ცოტა ხანში საავადმყოფოებიდან 972 კორონავირუსიანი პაციენტი გამოწერეს, რომლებსაც დაავადება მსუბუქი ფორმით ქონდათ. ასევე, რუმინელი ექიმების შეფასებით, 3600 დაავადებული საავადმყოფოებში საერთოდ არ მისულა.