კორონავირუსით დღეს გარდაცვლილ 15 პაციენტს შორის, ერთი 40 წლის ქალია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, კორონავირუსით გარდაცვალების 15 ახალი შემთხვევიდან ერთი გარდაცვლილი შედარებით ახალგაზრდა – 40 წლის, დანარჩენი კი 60 წელს ზემოთ ასაკის არიან.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ქალი ბათუმის სამედიცინო ცენტრში გუშინ, 19 ოქტომბერს 00:46 საათზე შეიყვანეს, 20:30 საათზე კი გარდაიცვალა.

სამინისტროს ცნობით, ქალს კორონავირუსით გამოწვეული დაავადებები, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, თირკმლის ჭვალი, ასევე თანმხლები დაავადებები: შაქრიანი დიაბეტი და თანდაყოლილი ცერებრალური დამბლა ჰქონდა.

მათივე ინფორმაციით, აჭარაში ბოლო 24 საათში გარდაცვლილია 82 წლის ქალი, 62 წლის ქალი და 65 წლის ქალი.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 19 857 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 8 666 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 158 კი გარდაიცვალა.