კორონავირუსის ტესტის პასუხი ბათუმში პაციენტთა ნაწილმა შეცდომით მიიღო. სამინისტრო ტექნიკურ შეცდომას აღიარებს

ბათუმში კორონავირუსზე ტესტირებული მოქალაქეების ტესტების პასუხები მათ ნაწილს SMS-ებით შეცდომით გაეგზავნა. ამის შესახებ ფეისბუქ მომხმარებლები წერენ. აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ამას ტექნიკური პორტალის შეცდომით ხსნის, რომელიც დამუშავების პროცესში იყო, თუმცა აჭარის ჯანდაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე ამბობს, რომ ყველამ, ვისთანაც ეპიდემიოლოგის ზარი განხორციელდა, დადასტურებული და დაზუსტებული ინფორმაცია მიიღო.  ტექნიკური შეცდომები კი ამ დროისთვის აღმოფხვრილია.

ბათუმელმა ბექა ხალვაშმა, რომელიც ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობს, ფეისბუქზე დაწერა, რომ მან მოკლე ტექსტური შეტყობინება შეცდომით მიიღო. მან საკუთარ სტატუსზე აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო და მინისტრი ნინო ნიჟარაძე მონიშნა და  მიღებული sms შეტყობინება გამოაქვეყნა.

“8 რიცხვში გავიკეთე PCR ტესტი, 10 რიცხვში დამირეკეს ტესტი დადებითია და გადამიყვანეს ავადსახსენებელ რესპუბლიკურში. 11 რიცხვში მომივიდა შეტყობინება NCDC.ge დან სადაც მატყობინებენ, რომ 8 რიცხვში აღებული პასუხი უარყოფითია.
ვაჩვენე შეტყობინება ექიმებს და მიშვებდნენ სახლში, შევეწინააღმდეგე გაშვებასთან დაკავშირებით რადგან ერთი დღე მომიწია აქ ღამის გათენება და მოვითხოვე განმეორებითი ტესტის ჩატარება. ეხლა მოვიდა პასუხი დადებითი! გამაგებინეთ რახდება ჯანმრთელი ადამიანი დამაინფიცირეთ?

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო / Ministry of Health & Social Affairs of Ajara
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი
ნინო ნიჟარაძე / Nino Nizharadze
პ.ს. რესპუბლიკურის მენეჯმეტი ნული…
არავინ არაფერი არ იცის, განუკითხაობა…“– დაწერა ბექა ხალვაშმა.