კრისტიან დანიელსონი მედიაციის პროცესს 29 მარტს განაახლებს

ევროპის საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი საქართველოში მედიაციის პროცესს 29 მარტიდან განაახლებს. საქართველოში ევროკავშირის საელჩო ცნობით, შარლ მიშელის წარმომადგენელი თბილისს, სავარაუდოდ, კვირას, 28 მარტს ეწვევა.

დანიელსონი მხარეების შეთანხმების მიზნით საქართველოს მეორედ ეწვევა. პირველად ის ქვეყანაში 12-დან 19 მარტამდე იმყოფებოდა, თუმცა მოლაპარაკება წარუმატებლად დასრულდა.

22 მარტს შარლ მიშელმა განაცხადა, რომ დანიელსონი საქართველოში მედიაციის გასაგრძელებლად დაბრუნდებოდა. მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეების ინტერესებისთვის, კომპრომისებზე წასვლის დროა.

გირჩი-მეტი თავისუფლების ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის აზრით, ერთადერთი გამოსავალია, რომ დასავლელმა პარტნიორებმა მიდგომა შეცვალონ და ხელისუფლებას მკაფიოდ უთხრან: “მთელი ძალაუფლება ერთი ადამიანის და პარტიის ხელშია, სასამართლო პოლიტიზებულია, ქვეყანაში პოლიტიკური დევნაა და არჩევნებისადმი ნდობა არ არსებობს – თქვენი პასუხისმგებლობაა. ჩვენთან თუ გინდათ, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში, ეს ყველაფერი უნდა შეცვალოთ დღესვე”.