კრიშტიანუ რონალდუს შვილი გარდაიცვალა

“მანჩესტერ იუნაითედის“ თავდამსხმელმა, კრიშტიანუ რონალდუმ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მისი შვილი გარდაიცვალა. ფეხბურთის ვარსკვლავმა პირად ინსტაგრამ ანგარიშზე განცხადება რამდენიმე ენაზე გამოაქვეყნა.

„იძულებული ვართ ღრმა მწუხარებით განვაცხადოთ, რომ ჩვენი უმცროსი შვილი გარდაიცვალა. ეს ყველაზე დიდი ტკივილია, რაც შეიძლება მშობლებმა გამოსცადონ“– წერს რონალდუ.

ცნობილია, რომ კრიშტიანუ რონალდუ და მისი ცოლი, ჯორჯინა როდრიგესი ტყუპების– გოგოს და ბიჭის დაბადებას ელოდებოდნენ. გოგონა გადარჩა, ბიჭი კი დაბადებიდან მალევე გარდაიცვალა.

რონალდუ ამბობს, რომ მხოლოდ გოგონას დაბადება აძლევს მას და ჯორჯინას ძალებს, რომ ეს მძიმე მომენტი იმედით და ბედნიერებით გადაიტანონ.

რონალდუ ექიმებს და მედდებს მხარდაჭერისა და დახმარებისთვის მადლობას უხდის, თაყვანისმცემლებს და ჟურნალისტებს კი თხოვს დროებით თავი გაანებონ.

“ამ დანაკარგით განადგურებულები ვართ და ვთხოვთ ყველას დაიცვათ ჩვენი კონფიდენციალობა ამ რთულ დროს. პატარავ, შენ ჩვენი ანგელოზი ხარ. ყოველთვის გვეყვარები. კრიშტიანუ რონალდუ და ჯორჯინა როდრიგესი“– წერს თავის წერილში ფეხბურთის ვარსკვლავი.

რონალდუ და მისი ცოლი ოთხ შვილს ზრდიან. იმის შესახებ, რომ წყვილი კიდევ ორი შვილის, ტყუპების დაბადებას ელოდებოდა 2021 წლის ოქტომბერში გახდა ცნობილი. დეკემბერში კი ცნობილი გახდა ბავშვების სქესი. წყვილი ბიჭის და გოგონას დაბადებას ელოდებოდა, თუმცა სამწუხაროდ ბიჭი ვერ გადარჩა.