ლაშქარავას საქმეში ნარკოტიკების უკანონოდ შეძენა-შენახვის საკითხი ცალკე გამოიყო

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის ინფორმაციით, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმეში ცალკე წარმოებად გამოიყო ნარკოტიკების უკანონოდ შეძენა-შენახვის საკითხი.

“ლექსო ლაშქარავას საქმის გამოძიების ფარგლებში, ცალკე წარმოებად გამოიყო ნარკოტიკების უკანონოდ შეძენა-შენახვის საკითხი. ამ მიმართულებით მიმდინარეობს გამოძიება, ხდება ყველა რელევანტური მტკიცებულების მოპოვება და საზოგადოებას უახლოეს მომავალში ჩვენ ვაცნობებთ კონკრეტულ შედეგებს ამ საქმესთან მიმართებით”, – თქვა დარახველიძემ იმედის ეთერში.

ის არც უარყოფს და არც ადასტურებს ლექსო ლაშქარავას საქმის კავშირს გუშინ ფონიჭალაში, ნარკოდანაშაულთან დაკავშირებული ჩატარებულ სპეცოპერაციასთან.