,,ლელომ” ბათუმში ,,პატრიოტთა ალიანსის” ბანერის ნაცვლად ერთიანი საქართველოს რუკა გამოაკრა

,,ლელომ” ბათუმში ,,პატრიოტთა ალიანსის”  ბანერი, რომელზეც აჭარა ოკუპირებული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მსგავსად წითლად იყო მონიშნული  ერთიანი საქართველოს რუკით შეცვალა.

“ლელოს” ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ირაკლი კუპრაძის თქმით, დასრულდა ანტისახელმწიფოებრივი და დანაშაულებრივი ბანერის ისტორია, რომელიც პატრიოტთა ალიანსმა განათავსა ბათუმში, “ლელომ”  კი მათი ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯი დაასრულა.“დღეს ამავე ადგილზე გავაკარით ერთიანი საქართველოს რუკა, სახელმწიფო დროშის ფონზე. მოდიოდა ხალხი და გვეუბნებოდა: ,,გვეგონა, თქვენი ფოტოები უნდა გაგეკრათო!” პასუხი კი ცალსახაა: ჩვენ გვჭირდება ნამდვილი პატრიოტული პრინციპულობა, ერთიანობა და ნებისმიერ დანაშაულებრივ ქმედებაზე არა ჩვენი სახელების და ფოტოების ფრიალი, არამედ ისევ პრინციპული და პატრიოტული პასუხი! ჩვენ მიერ გაკრული  ბანერი სწორედ ასეთია,”-განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

ირაკლი კუპრაძის თქმით, განვითარებული მოვლენების პარალელურად, ,,პატრიოტთა ალიანსი” პროტესტის ნიშნად აჭარაში მათმა ბოლო არჩეულმა წარმომადგენელმა, საკრებულოს დეპუტატმა არჩილ მამულაძემ დატოვა.

შეგახსენებთ, რომ პატრიოტთა ალიანსის ბანერის გამოკვრას ბათუმში მწვავე საზოგადოებრივი რეაქცია მოჰყვა. ლელოს წევრმა, ირაკლი კუპრაძემ მაშინ ბანერი ჩამოხია.