ევროკავშირის ელჩი ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ევროკავშირის ელჩი, ჰარლ ჰარცელი 5 ივლისს პუტინისტური ჯგუფების მიერ ნაცემი TV პირველის ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით, ევროკავშირი მკაცრად გმობს ძალადობას და მტკიცედ უჭერს მხარს მედიისა და შეკრების თავისუფლებას.

“დღეს გულისტკივილით შევიტყვე ტელეკომპანია პირველის ოპერატორის ლექსო ლაშქარავას ტრაგიკული გარდაცვალების შესახებ. ვიზიარებ მისი ოჯახის, მეგობრების და კოლეგების ღრმა მწუხარებას.

ბატონი ლექსო ლაშქარავა სასტიკად იყო ნაცემი, რადგან ის აშუქებდა ძალადობას, რომელიც თბილისში 5 ივლისს, პრაიდის მოვლენების გარშემო ხდებოდა.

მიუხედვად იმისა, რომ ჯერ კიდევ ველოდებით მისი გარდაცვალების მიზეზების გამოძიების შედეგებს, ნება მომეცით კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ ევროკავშირი მკაცრად გმობს ძალადობას და მტკიცედ და ურყევად მხარს უჭერს მედიისა და შეკრების თავისუფლებას”,- ნათქვამია განცხადებაში.

დღეს გარდაიცვალა ტვ პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელზეც 5 ივლისს პუტინისტურმა ჯგუფებმა სასტიკად იძალადეს.

მას ამჟამად ექსპერტიზა უტარდება. შსს-მ გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.