მადლობა გადამიხადოს, რომ მოქალაქეების ცემისგან გადავარჩინეთ – კალაძე ვარკეთილის ინციდენტზე

თბილისის მერი კახა კალაძე არ მოელის , რომ ვარკეთილში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით სამართალდამცველები გამოძიებას დაიწყებენ.

მისი თქმით, ინციდენტში მონაწილე ადამიანმა მადლობა უნდა გადაუხადოს, რადგან მოქალაქეების ცემისგან გადაარჩინეს.

„არ ველოდები, რომ გამოძიებას დაიწყებს იმიტომ, რომ ინციდენტიც არ ყოფილა. პირიქით, კონკრეტულმა ადამიანმა ვისზეც თქვენ საუბრობთ, მადლობა უნდა გადამიხადოს, რომ გადავარჩინეთ ჩვეულებრივი რიგითი მოქალაქეების მხრიდან, რომ ისინი ერთმანეთს არ დაპირისპირებოდნენ და არ ეცემათ. სხვათა შორის, ჩემთანაც იყო მერიაში მოსული და ძალიან კმაყოფილი დაბრუნდა, ავტოგრაფიანი მაისური მიიღო“,- განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ 5 ივნისს ვარკეთილში სკვერის გახსნის დროს კახა კალაძემ აქციის მონაწილეს დაარტყა. მთავარი არხის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ თავდაპირველად აქტივისტმა მერს პროექტებთან დაკავშირებით რამდენიმე კითხვა დაუსვა, დაპირისპირება კი მას შემდეგ მოხდა, რაც ადგილიდან აქტივისტების განრიდება სცადეს.