მათთვის ყველა არჩევნები გაყალბებულია, ვიდრე სასურველი შედეგები არ დადგება – ჟვანია ოპოზიციაზე

ცესკოს თავმჯდომარის თამარ ჟვანიას განცხადებით, ოპოზიციას ყველა არჩევნები გაყალბებულად მიაჩნია, რომელშიც სასურველ შედეგს ვერ იღებს.

ჟვანიას მტკიცებით, ხალხის ხმები 9 სუბიექტზე სწორად არის განაწილებული.

„როგორც ჩანს, პოლიტიკური კულტურის ფონზე, დღეს ამ ქვეყანაში ყველა არჩევნები მათი თვალთახედვით გაყალბებულია მანამ, სანამ სასურველი შედეგები არ დადგება. ქვეყნის და ხალხის მიერ გამოხატული ხმები არის სწორედ განაწილებული იმ 9 საარჩევნო სუბიექტზე, რომელიც ამ შემაჯამებელ ოქმშია ასახული. შესაბამისად, ეს 2 მილიონამდე ამომრჩევლის ნებაა, რომელიც 9 საარჩევნო სუბიექტზე არის გადანაწილებული. ეს არის ძალიან დიდი ლეგიტიმაცია. ხალხი აძლევს საარჩევნო სუბიექტებს ამ ლეგიტიმაციას, რომ მათ იმუშაონ პარლამენტში და მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ვისაუბროთ ხალხისა დ ქვეყნის სახელით, როცა ყველ მათგანის ხმაზე ვისაუბრებთ და არა ცალკეულ, კერძო გამოხატვაზე“,-განაცხადა ჟვანიამ.

ამ წუთებში ცესკოში სხდომა მიმდინარეობს, სადაც საპარლამენტო არჩევნების შედეგების საბოლოო შემაჯამებელი ოქმი უნდა მიიღონ.