„მათ არ აქვთ არავითარი მანევრი, ჩვენ გვაქვს უამრავი მანევრი, რაც ქმნის გარანტიას, რომ პარლამენტი იქნება მრავალპარტიული“–კობახიძე

“ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ უამრავი პოლიტიკურ-სამართლებრივი სვლა აქვს, რაც ქმნის გარანტიას, რომ საქართველოს პარლამენტი არც ერთ შეთხვევაში არ იქნება ერთპარტიული. ოპოზიციას კი კობახიძის თქმით არავითარი მანევრი აღარ დარჩა.

კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტ-ქალაქი“ განაცხადა, პარლამენტი იქნება მრავალპარტიული.

„მათ არ აქვთ არავითარი მანევრი, ჩვენ გვაქვს უამრავი მანევრი. ჭადრაკის ენით რომ ვისაუბროთ, მათ ორი სვლა აქვთ, ერთი არის მათთვის ცუდი და მეორე უარესი. ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი სვლა და ყველა არის კარგი არა მარტო „ქართული ოცნებისთვის“, არამედ ქვეყნისთვის და მისი სტაბილურობისთვის. ჩვენ გვაქვს რამდენიმე პოლიტიკურ-სამართლებრივი სვლა – რამდენიმე ვარიანტი, მანევრი, რაზეც შეგვიძლია ვიმსჯელოთ, ეს ყველაფერი იმის გარანტიას ქმნის, რომ პარლამენტი არც ერთ შეთხვევაში არ იქნება არც ერთპარტიული და არც ორპარტიული. იქნება მრავალპარტიული“ ,- აღნიშნა კობახიძემ.

მისვე თქმით, წარდგენილი კანონპროექტებიც ამ ყველაფერს ხელს შეუწყობს, მაგრამ სხვა მანევრებიც აქვთ, რაზეც ღიად ვერ ისაუბრებს.

„უამრავი სამართლებრივი და პოლიტიკური მექანიზმი გვაქვს, ბევრი სვლა გვაქვს ხელში“ ,- განაცხადა კობახიძემ.