მაია ასათიანი TV პირველზე იწყებს მუშაობას

newsreport-ის ინფორმაციით, ტელეწამყვანი მაია ასათიანი, ტელეკომპანია “პირველის” გუნდს შეუერთდა. სხვა დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია. სავარაუდოდ  სწორედ ტელეკომპანია “პირველის” ეთერში, გაგრძელდება, მაია ასათიანის გადაცემა „პროფილი“ რომელიც ქართული ტელევიზიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული და გრძელვადიანი პროექტია.

“მე დღეს აქ, ამ არხზე, ჩემს 20-წლიან ისტორიას ვასრულებ, ბოლო გავდივარ, იმიტომ, რომ აქ იმ სინათლეს, წლების წინ მთელი საქართველოს მთავარი იმედი რომ იყო, ვეღარ ვხედავ, დღეს ბოლო პროფილია“. – განაცხადა მაია ასათიანიმა, რუსთავი 2-ზე გასულ ბოლო გადაცემაში.

მაია ასათიანის რუსთავი 2–დან წასვლაზე განცხადებას არხის გენერალური დირექტორი პაატა სალია აკეთებს.

“თავს ვალდებულად ვთვლი, რუსთავი 2–ის სახელით ვუპასუხო იმ დაუმსახურებელ და შეურაცხმყოფელ განცხადებას, რომელიც გაისმა გადაცემის მონოლოგში. მაია ასათიანის გადაწყვეტილება, დაეხურა “პროფილი” რუსთავი 2–ზე – ეს არ ყოფილა არხის მენეჯმენტის გადაწყვეტილება. მე მინდა, მაყურებელს განვუმარტო მიზეზი, რატომ ტოვებს ასათიანი არხს.წელიწადნახევრიანი წარმატებული ურთიერთობის შემდეგ, სამწუხაროდ,მაია ასათიანის გუნდის მიერ მომზადებული გადაცემა “შორენას ეფექტი”, რომელმაც ჩვენი იმედები არ გაამართლა, ვერ მოხვდა არხის ახალ საეთერო ბადეში. სწორედ ეს გახდა მიზეზი, მაია ასათიანს დაეტოვებინა ჩვენი არხი. არც ერთ ეტაპზე არ ყოფილა არანაირი ჩარევა “პროფილის” სარედაქციო ჯგუფის საქმიანობაში”, – განაცხადა პაატა სალიამ.

ცნობისათვის, 25 მარტს, მაია ასათიანმა „რუსთავი 2“ 20 წლიანი თანამშრომლობის შემდეგ  დატოვა. „რუსთავი 2“-ში სტრუქტურული რეორგანიზაცია 5 მარტს გამოცხადდა. 17 მარტს ცნობილი გახდა, რომ „რუსთავი 2″ და „პრაიმ ტაიმი” ერთიანდებიან. ხელმძღვანელობის განცხადებით, მათი მიზანი მედიაბაზრის ლიდერობაა.