მაკრიტიკებენ, რომ არაფერი გაკეთებულა, მაგრამ როგორ არ გაკეთებულა?! – გამყრელიძე

“გასაგებია, რომ მაკრიტიკებენ და თქვენც შეგიძლიათ, გამაკრიტიკოთ, რომ არაფერი გაკეთებულა, მაგრამ როგორ არ გაკეთებულა – გადამზადებაც მიმდინარეობდა, შესყიდვებიც მიმდინარეობდა, გარკვეული გეგმებიც დასახული არის და მზადების გეგმაც იყო”,– ასე ეხმიანება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ჯანდაცვის სისტემის მიმართ საზოგადოების კრიტიკას.

მისი თქმით, ჯანდაცვის სისტემა დღეში 4-და 5 ათასი ინფიცირების შემთხვევის გამოვლენას არ პროგნოზირებდა.

„პირდაპირ გეტყვით, რომ ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვპროგნოზირებდით, რომ გვექნებოდა დღეში 4 – და 5 ათასამდე შემთხვევა და ამას რამ შეუწყო ხელი, ესეც რამდენჯერმე გითხარით – იმან, რომ ზაფხულში ჩვენ (ქართველებს ეს გვახასიათებს) დავიჯერეთ, რომ ძალიან მაგრები ვართ და შევიქმენით ილუზია, რომ დავამარცხეთ კორონა. ჩემი გამოსვლები შეგიძლიათ ნახოთ, ყოველთვის გეუბნებოდით და ვამბობდით, რომ კორონავირუსი არსად წასულა, კორონავირუსი იქნება, რომ ჩვენ ყველამ უნდა დავიცვათ ელემენტარული წესები”,– აცხადებს გამყრელიძე.

ის ასევე აღნიშნავს, რომ ჯერ ბათუმი “აგვიფეთქდა”, შემდეგ კი დიდი მობილობა იყო არჩევნების დღეს.

“ჩვენ ოქტომბრის ბოლოს მივდიოდით 1500-1700 შემთხვევით დღეში და ნოემბრის შუა რიცხვებში ავედით 3 ათასსა და მეტზე, ეს იყო სწორედ მობილობების კუდი და გამოხატულება, რაც ჩვენ გვქონდა ოქტომბერ-ნოემბერში. ჩვენ იდეალური არ ვართ არავინ, არც ქვეყანაა ჩვენი იდეალური, არც ძალიან მდიდარი ქვეყანა ვართ,“- განაცხადა გამყრელიძემ.