მაკრონი ზელენსკის ესაუბრა და მეტ იარაღს დაჰპირდა

სასახლის ინფორმაციით, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა და უახლოეს დღეებში დამატებითი იარაღის მიწოდებას დაჰპირდა. 1 საათსა და 10 წუთს გაგრძელდა და “დიალოგი ხანგრძლივი და არსებითი იყო”. მაკრონმა ასევე დაადასტურა, რომ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება გაგრძელდება და დროთა განმავლობაში კიდევ უფრო გაიზრდება როგორც სამხედრო, ისე ჰუმანიტარული დახმარება.

სატელეფონო საუბრის შესახებ, ვოლოდიმირ ზელენსკი წერს, რომ მაკრონთან ასევე განიხილა, “აზოვსტალის” ქარხნიდან, სამხედროების ევაკუაცია და რუსეთთან მოლაპარაკების პროცესის პერსპექტივა. ამასთან ერთად განიხილეს უკრაინისთვის საწვავის მიწოდების საკითხიც.

“დავასრულე გრძელი და მნიშვნელოვანი სატელეფონო საუბარი ემანუელ მაკრონთან. ვისაუბრეთ საომარი მოქმედებების მიმდინარეობაზე, აზოვსტალიდან სამხედროების გადარჩენის ოპერაციაზე და მოლაპარაკების პროცესის პერსპექტივაზე. წამოიჭრა უკრაინისთვის საწვავის მიწოდების საკითხი.

ასევე განვიხილეთ საფრანგეთის სამხედრო მხარდაჭერა, სანქციების მე-6 პაკეტის მომზადება, უკრაინული სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტის შესაძლო გზები. გაიმართა არსებითი განხილვა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე ჩვენი განაცხადის შესახებ”,- წერს ზელენსკი.