მარნეულელი ქალი ყვება, რომ ექიმებმა შვილის გარდაცვალების მიზეზად COVID-19-ის ჩაწერა შესთავაზეს

რამდენიმე ადამიანი მთავარ არხთან ინტერვიუში ამბობს, რომ მათ ექიმებმა და ადგილობრივი მერიის წარმომადგენლებმა თანხა შესთავაზეს იმისთვის, რომ გარდაცვლილი ოჯახის წევრების გარდაცვალების მიზეზად COVID-19 ჩაეწერათ.

მარნეულელი ქალი, რომელსაც შვილი 2 კვირის წინ გარდაეცვალა, ამბობს ასეთი შეთავაზება საავადმყოფოს ექიმებისგან მიიღო.

“ჩემი შვილი გულის პრობლემებით გარდაიცვალა, თუმცა ექიმებმა სხვა დიაგნოზის დაწერა შემოგვთავაზეს. როდესაც ჩემი შვილი გარდაიცვალა და ექიმები მოვიდნენ და ჩემს შვილიშვილებს უთხრეს, ანალიზები უნდა გავაკეთოთო. ჩვენ დავთანხმდით და ვუთხარით, რომ არ მივცემდით უფლებას, რაიმე გაეყალბებინათ. არ მინდა ამაზე ლაპარაკი, მაგრამ ისეთი რაღაც შემოგვთავაზეს, რაზეც არ დავთანხმდით, რადგან მივხვდით, რომ გვატყუებდნენ”, – ყვება ქალი მთავარ არხთან ინერვიუში.

მარნეულის კიდევ ერთი მცხოვრები ამბობს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის წევრები ანალოგიური შეთავაზებით მის ახლობელთანაც იყვნენ მისულები

“ჩემს ახლობელთან ბაზარში მივიდნენ მერიის თანამშრომლები და ეს შესთავაზეს, რატომ ან როგორ არ ვიცი, მაგრამ ვიცი, რომ არავინ გაყიდის თავის მიცვალებულს”,- ამბობს ის.

ადგილობრივების თქმით, თანხა 3000 ლარიდან 10 ათას ლარამდე მერყეობს.

ოპოზიციის ნაწილი ფიქრობს, რომ ასეთი ქმედება ხელისუფლებას იმისთვის სჭირდება, რომ თუ საჭირად ჩათვლის, ხელმოერედ ჩაკეტოს დასახლებული პუნქტები.

დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე არ გამორიცხავას, რომ სტატისტიკას იმიტომ აყალბებდეს ხელისუფლება, რომ ის პოლიტიკური მიზნით გამოიყენოს.

“ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლება ცდილობს, პოლიტიკური თვალსაზრისით COVID-19-ის ეპიდემიიდან. ამიტომ არ გამოვრიცხავ იმას, რომ გარკვეული სტატისტიკის გაყალბების მცდელობა იყოს მიმართული იმისკენ, რომ საჭიროების შემთხვევაში თქვან, რომ ეპიდემიოლოგიური სურათი გამძაფრებულია, ამიტომ მოგვიწევს საგანგებო მდგომარეობის შემოღება, ცალკეულ რაიონებში ან ქალაქებში”,- ამბობს კობერიძე.

დამოუკიდებელი დეპუტატი მარიამ ჯაში მზადყოფნას გამოთქვამს, რომ შეხვდეს ასეთ ოჯახებს და თუ მართლაც დაინახავს რიამე დარღვევებს, კონკრეტულ საგამოძიებო ორგანოებს მიმართავს სისხლის სამართლის დანაშაულის გამოძიებისთვის.

“მზად ვართ შევხვდეთ ყველა ოჯახს, სადაც დაფიქსირდა ასეთი შემთხვევა. შეუძლებელია და სისხლის სამართლის დანაშაულთან გვაქვს საქმე, როდესაც ხდება სამედიცინო ისტორიის გაყალბება, მით უმეტეს, პანდემიის პირობებში, – ამბობს მარიამ ჯაში.

უმრავლესობის ლიდერი, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ კოვიდის სტატისტიკა ყალბდება, ოღონდ მთავარი არხის მიერ.

ანრი ოხანაშვილის თქმით, ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და სისულელეა.