„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებები გაწვეული იქნება – რომან კაკულია

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, რომან კაკულიას განცხადებით, “მაუწყებლობის შესახებ” კანონში ცვლილებებს გაიწვევენ, რადგან წინასაარჩევნოდ ამ თემის განხილვა საჭირო არ არის.

კაკულიას ინფორმაციით, იქიდან გამომდინარე, რომ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტმა მედიაში მღელვარება გამოიწვია, მისი წარმოდგენილი ვერსიით მიღება აღარ მოხდება.

„ ცვლილებები „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში გაწვეული იქნება იმიტომ, რომ დღეისთვის, წინასაარჩევნოდ, ასეთი მოცემულობით ამ თემის განხილვა საჭირო არ არის”,– ამბობს კაკულია.

მისივე თქმით, ოპერატორებსა და მარეგულირებელ კომისიას შორის კომუნიკაციის დეფიციტი არსებობდა, რაც ხვალ–ზეგ აღმოიფხვრება. კაკულია ღნიშნავს, რომ ტელესაკომუნიკაციო სექტორს არ უნდა ჰქონდეს განცდა, რომ რეგულაციებს მომავალში მარეგულირებელი ბოროტად გამოიყენებს.

“რაც შეეხება ოპერატორებს, მიუხედავად იმისა, რომ კანონი დაჩქარებულია, არ ნიშნავს იმას, რომ დაცული არ უნდა იყოს კანონის მიღების თუნდაც მინიმალური სტანდარტები. აშკარად ჩანდა, რომ კომუნიკაციის ნაკლებობა იყო და დაჩქარებულ დროში, ხვალ-ზეგ შევეცდებით, მაქსიმალურად გამოვიყენოთ, რათა კომუნიკაციის დეფიციტი აღმოვფხვრათ და ყველა ის არგუმენტი, რომელიც არსებობს სექტორში, კიდევ ერთხელ იყოს გააზრებული მარეგულირებელთან ერთად.

კანონის არათუ გამკაცრება, არამედ იმ ინსტრუმენტის შემოღება ხდება, რომელმაც ძალიან მძიმე სანქციების გამოყენების აუცილებლობა არ უნდა გახადოს საჭირო. ეს უნდა გაკეთდეს ისე, რომ სექტორს არ ჰქოდნეს განცდა, რომ არსებული რეგულაციები შეიძლება ბოროტად იქნეს გამოყენებული მომავალში. სექტორის წარმომადგენლები არ არიან წინააღმდეგი, რომ ასეთი ცვლილება არსებობსდეს, მაგრამ აუცილებელია, დაზუსტდეს მოცემულობა და ის მიზეზები, რომლითაც განისაზღვრება დროებითი მმართველის შესვლა კონკრეტულ ოპერატორთან,” – განაცხადა კაკულიამ.

ცნობისთვის, პარლამენტმა დღეს განიხილა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი, რომლის თანახმად, კომუნიკაციების კომისიას ექნება უფლება, მაუწყებლებში სპეციალური მმართველი დანიშნოს.

კანონპროექტში წერია, რომ თუ კომისიის მიერ ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირისათვის დაკისრებული ჯარიმები ვერ უზრუნველყოფს კომისიის გადაწყვეტილების აღსრულებას და აღსრულების დაყოვნებამ ან ავტორიზაციის შეჩერებამ/ლიცენზიის გაუქმებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესს ან ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოს, კომისია უფლებამოსილია, დანიშნოს სპეციალური მმართველი, რომელიც უზრუნველყოფს კომისიის გადაწყვეტილების აღსრულებას.

მაუწყებლები კანონპროექტს ცენზურად და კონტროლის დაწესების მექანიზმად განიხილავენ და პარლამენტს მოუწოდებენ, შეაჩერონ მისი დაჩქარებული განხილვა.

ცვლილებებს კრიტიკულად აფასებენ ტელესაკომუნიკაციო კომპანიებიც და აცხადებენ, რომ ის წინააღმდეგობაშია როგორც კონსტიტუციასთან, ისე სამართლის პრინციპებთან.