მაქსიმუმს ვაკეთებ, რომ მეტი ავადმყოფი გადარჩეს, ეს გაღიზიანებთ “ჰეითერებს” – ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე განმარტავს, რომ ის მხარს უჭერს 1 თებერვლიდან შეზღუდვების შემსუბუქებას/მოხსნას, თუმცა ემხრობა რეგულაციებზე კონტროლის გამკაცრებას.

ის სტრატეგია აღმაშენებლის ერთ–ერთ ლიდერს, სერგო ჩიხლაძეს პასუხობს, რომელმაც თქვა, რომ ცერცვაძის მოწოდება რეგულაციების გამკაცრებისკენ, მავნებლობაა.

ცერცვაძის თქმით, “ჰეითერებს” აღიზიანებთ, რომ ის ინფიცირებულების გადარჩენისთვის მაქსიმუმს აკეთებს.

“რაც შეეხება სერგო ჩიხლაძის განცხადებას ჩემს „მავნებლობაზე“, ძალიან სამწუხაროა, რადგან მიმაჩნდა, რომ ბ-ნი სერგო განსხვავებული პოლიტიკური ორიენტაციის მიუხედავად, სერიოზული, კვალიფიციური და მეტ-ნაკლებად ობიექტური პიროვნება იყო, მაგრამ როგორც ჩანს, შევცდი.

ბატონო სერგო! თქვენ შესანიშნავად იცით, რომ ჩემი „მავნებლობა“ მხოლოდ და მხოლოდ იმაში გამოიხატება, რომ პანდემიის დაწყებიდან დღემდე თავდაუზოგავად ვცდილობ და მაქსიმუმს ვაკეთებ იმისთვის (და არც თუ წარუმატებლად), რომ რაც შეიძლება მეტი COVID-19-ით ავადმყოფი გადარჩეს და ქვეყანა რაც შეიძლება უკეთესად და ნაკლები დანაკარგებით გაუმკლავდეს COVID-19-ის პანდემიას.

სწორედ ეს გაღიზიანებთ თქვენ და თქვენს თანამოაზრე „ჰეითერებს“ (სხვისი წარმატებისა და საკუთარი წარუმატებლობის მიმართ ფობია), რადგან ხელი გეშლებათ თქვენი მიზნების შესრულებაში. თქვენ და თქვენს თანამოაზრეებს, მათ შორის ახლად შექმნილ ექიმთა ასოციაციიდან არაფერი, აბსოლუტურად არაფერი არ გაგიკეთებიათ ქვეყნის და მოსახლეობის დასახმარებლად, სულ მცირედითაც კი არ შეგიწუხებიათ ამისთვის თავი და მოქმედებთ პრინციპით „რაც უარესი, მით უკეთესი“,– აცხადებს ცერცვაძე.

მისივე თქმით, ჩიხლაძეს და მის “თანამოაზრეებს” “აპოკალიფსი სჭირდებათ”, რათა მოსახლეობა  ქვეყნის ხელმძღვანელობის და ექიმების წინააღმდეგ აამხედრონ.

“დაარწმუნოთ ადამიანები, რომ ქვეყნის ხელმძღვანელობა, ჯანდაცვის სამინისტრო და კლინიკური ჯგუფი არაფერს და ვერაფერს აკეთებს მათ დასაცავად და ამის გადაფარვას მხოლოდ მკაცრი შეზღუდვებით და ისევ მოსახლეობის ეკონომიკური შევიწროვებით ცდილობს, რომ ჯანდაცვის სისტემა ჩამოშლილია, ხოლო მთავრობამ თავისი მოქალაქეები ბედის ანაბარად მიატოვა.

ვინ ვინ და თქვენ ხომ შესანიშნავად იცით, თუ რა ხდება სხვა ქვეყნებში – რამდენად უარესი მდგომარეობაა იქ – რომ ინგლისში, საფრანგეთში, გერმანიაში, ისრაელში, ბელგიაში და სხვა ქვეყნებში შეზღუდვები/ლოქდაუნები გაცილებით, შეუდარებლად უფრო მკაცრია ვიდრე საქართველოში და კიდევ უფრო მკაცრდება. ამ ქვეყნებში ადამიანებს უსაბუთოდ ბინიდან გამოსვლაც კი ეკრძალებათ და მხოლოდ სამსახურში, მარკეტსა და აფთიქაში შეუძლიათ წასვლა და ა.შ. ვინ დაიჯერებს, რომ თქვენ ქვეყნის ხელმძღვანელობაზე და ჩვენზე მეტად გადარდებთ ადამიანების ბედი ან ქვეყნის ეკონომიკის ბედი”,– აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.