მაჭავარიანის განცხადებით, კლინიკაში ძგიდის და პოლიპის ოპერაცია გაიკეთა

საქართველოს ფინანსთა ყოფილი მინისტრი ივანე მაჭავარიანი აცხადებს, რომ მან კლინიკაში ძგიდის და პოლიპის ოპერაცია გაიკეთა. როგორც მაჭავარიანი განმართავს, მან ქირურგიული ჩარევა თანამდებობის დატოვებამდე დაახლოებით, 10 დღით ადრე გაიკეთა.

„ახლა ვიმყოფები სახლში, აბსოლუტურად ჯანმრთელი ვარ, კლინიკაში მოთავსებული არ ვიყავი, თუ ძველ ამბავს მეუბნებით, ჩემი მინისტრობის პერიოდის ამბავია, წასვლამდე დაახლოებით, 10 დღის, 2 კვირის ამბავია, პოლიპი გამიკეთეს და ცოტა ძგიდე გამისწორეს, მაგრამ ეს იყო 20-წუთიანი თემა, მეტი არ ვიცი და თუ თქვენ რამე იცით ვინმემ, მითხარით. ეს ჩემ წასვლამდე ამბავი იყო, კლინიკაში გავიკეთე და წამოვედი“, – აცხადებს მაჭავარიანი.

მაჭავარიანის შესახებ კომენტარი გააკეთა ჯანდაცვის ყოფილი მინისტრმა, დავით სერგეენკომაც. მისი ინფორმაციით, მაჭავარიანმა გაიკეთა გეგმიური ოპერაცია ცხვირის ძგიდეზე და საავადმყოფოში გეგმიურ ვიზიტზე იმყოფებოდა.

“რამდენიმე დღის წინ გაიკეთა გეგმიური ოპერაცია ცხვირის ძგიდეზე და გეგმიურ ვიზიტზე იყო მისული. არანაირი დაზიანება. გეგმიური ძგიდის ოპერაცია”, –  განაცხადა სერგეენკომ ფორმულასთან საუბარში.

ცნობისთვის, ცოტახნისწინ, ინტერპრესნიუსმა, გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს ყოფილი ფინანსთა მინისტრი, ივანე მაჭავარიანი, საავადმყოფოში მოათავსეს.