მდიდარი რუსები დუბაის მიაწყდნენ: უძრავი ქონების ბაზარზე რუსების წილი მკვეთრად გაიზარდა

დუბაის კომპანიების მონაცემებით, რომლებიც უძრავი ქონების ბაზარს აანალიზებენ, წელს პირველ კვარტალში რუსი მყიდველების წილი დუბაის უძრავი ქონების ბაზარზე 67%–ით გაიზარდა. ამას დასავლეთის სანქციებს უკავშირებენ, რომლებმაც შეძლებულ რუსებს შესაძლებლობა წაართვა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ბიზნესი და ქონება ჰქონდეთ.

უძრავი ქონების კომპანიის,  Betterhomes–ის მონაცემებით ყველაზე აქტიური ინვესტორების რეიტინგში დუბაის უძრავი ქონების ბაზარზე რუსეთი 7–დან 5–ე პოზიციაზე გადავიდა. მას მხოლოდ დიდი ბრიტანეთი, ინდოეთი, იტალია და კანადა უსწრებენ.

ბაზრის ანალიტიკოსების აზრით მალე რუსეთმა სიაში შეიძლება კიდევ უფრო წინ წაიწიოს, და შესაძლოა სიის სათავეშიც აღმოჩნდეს. ეს იმის კვალდაკვალ მოხდება, რაც სანქციების გრძელვადიანი ეფექტი გამოჩნდება.

რუსებს შორის, რომლებმაც ცოტა ხნის წინ ქონება დუბაიში შეიძინეს, ბევრი ცნობილი გვარია, მათ შორის  ბიზნესმენი რომან აბრამოვიჩი – აცხადებს წყარო დუბაიდან.

კომპანია Virtuzone–ის მონაცემებით, რომელიც უცხოურ კომპანიებს დუბაიში დაფუძნებაში ეხმარება, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ მათ მომსახურებაზე მოთხოვნა რუსების მხრიდან 5–ჯერ გაიზარდა.

“მათ მოსალოდნელი ეკონომიკური კრიზისის ეშინიათ და აქ გადმოდიან, რათა საკუთარი სიმდიდრე დაიცვან“– ამბობს კომპანიის გენერალური დირექტორი ჯორჯ ხოჯიჯი.

ქონება  ბარტერით

Betterhomes–ის გენერალური დირექტორის, რაიან მახონის თქმით რუსი კლიენტები უძრავ ქონებას დუბაის ყველაზე პრესტიჟულ რაიონებში, ელიტურ საცხოვრებელ კომპლექსებში ყიდულობენ, როგორც წესი, ხედით სპარსეთის ყურეზე.

ბროკერების მონაცემებით 2022 წლის პირველ სამ თვეში რუსებმა დუბაიში თითქმის 12 მილიარდი დოლარი დახარჯეს. ამავე პერიოდში დაფიქსირდა რეკორდული გარიგება ერთი კონკრეტული სახლისთვის – 76.2 მილიონი დოლარი.

შედარებისთვის: ერთ–ერთი ყველაზე ძვირადღირებული უძრავი ქონების ობიექტი, რომელიც კი ოდესმე რუსეთის მოქალაქეს ლონდონში შეუძენია, 42 მილიონი დოლარის ღირებულების იყო.

ეს სახლი პრესტიჟულ ნაითსბრიჯის რაიონში ბრიტანეთში რუსების სხვა ქონებასთან ერთად მფლობელის მიერ ახლა გასაცვლელად არის გამოტანილი.

რას ნიშნავს ეს:

დუბაელი ბროკერების თქმით, საზღვარგარეთ პირადი სანქციების ან საბანკო ოპერაციების შეზღუდვის გამო ბევრი რუსი სააგენტოებს სთავაზობს მესამე ქვეყნებში უძრავი ქონების გადაცვლას – მაგალითად, ლონდონური სახლის გაცვლას დუბაიში მდებარე ქონებაზე.

ეს სქემა ახლა აქტიურად განიხილება არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში მათ მიერ, ვინც ლონდონში უძრავი ქონების შეძენით არის დაინტერესებული, თუმცა მისი  სიახლე და ის, რომ სქემა ჯერჯერობით აპრობირებული არ არის, ბევრს აფრთხობს.

“ძალიან სკეპტიკურად ვარ განწყობილი, არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს სიცოცხლისუნარიანი სქემაა. მეტისმეტად ბევრი დოკუმენტი უნდა წარადგინო ლონდონში. თუმცა, ეს სიტუაცია აჩვენებს, რაზე არიან წამსვლელი რუსები, რომ ფინანსურ სისტემას გვერდი აუარონ“– ამბობს Financial Times–თან საუბრისას ბიზნესმენი დუბაიდან, რომელიც ანონიმურობას ამჯობინებს.

იურისტების თქმით, ასეთი ბარტერი შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქონების მფლობელი რუსი დასანქცირებული არ არის.

ამასთან, ბევრი რიელტორი აღნიშნავს ფულადი ტრანზაქციების მკვეთრ ზრდას წლის დასაწყისიდან. იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის ცენტრობანკმა ქვეყნიდან 10 000 დოლარზე მეტი თანხის გატანა შეზღუდა, რუსების კაპიტალი, რომლითაც დუბაიში ქონებას ყიდულობენ, აშკარად რუსეთს გარეთ არის განთავსებული.

ნეიტრალური დუბაი

რუსების არსებობა დუბაის უძრავი ქონების ბაზარზე ადრეც შესამჩნევი იყო, თუმცა ბოლო წლებში მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა.

უძრავი ქონების ბაზარი დუბაის ეკონომიკის მესამედია. საცხოვრებელ ფართზე მუდმივ მოთხოვნას, განსაკუთრებით დაქირავებაზე, უზრუნველყოფს მრავალრიცხოვანი ექსპატი – საერთაშორისო კომპანიების თანამშრომლები, რომლებიც დუბაიში არიან დაბანაკებული.

პანდემიის დაწყებისა და უცხოელების საკუთარ ქვეყნებში მასობრივი დაბრუნების შემდეგ ეს ბაზარი მნიშვნელოვნად შეირყა, ამიტომ ემირატები მთლიანად, და კონკრეტულად დუბაი რუს კლიენტებს დიდი ენთუზიაზმით ხვდებიან

არაბეთის გაერთიანებულმა საემიროებმა რუსეთ–უკრაინის ომში ნეიტრალური პოზიცია აირჩიეს.ხელისუფლების განცხადებით, ქვეყნის ყველა ინსტიტუტის, პირველ რიგში ფინანსური ინსტიტუტების მომსახურება თანაბრად მიეწოდებათ რუსებსაც და უკრაინელებსაც, რომლებიც ომს და მის შედეგებს გაექცნენ.

კომპანიებში რუსების მომსახურებისთვის სპეციალური განყოფილებებიც კი შეიქმნა. როგორც მენეჯერები ამბობენ, მოსკოვში დიდი საერთაშორისო იურიდიული კომპანიების დახურვის გამო, ბევრი დაუსაქმებელი ნიჭიერი იურისტი გაჩნდა, რომლებიც მათთან დასაქმდნენ.

საემიროების ცენტრობანკი მოუწოდებს ბანკებს ფრთხილად მოეკიდონ რუსი კლიენტების ოპერაციებს მომეტებული რისკების გამო, რაც სხვა ქვეყნების მიერ შემოღებულ  სანქციებს და შემზღუდავ ზომებს უკავშირდება. თუმცა, რეალურად არანაირი სიფრთხილე არ შეიმჩნევა.

წყაროების თქმით, დუბაიში ბანკები და მომსახურების სხვა სფეროები იმდენად წალეკა მსხვილი რუსი კაპიტალის მოზღვავებამ, რომ შედარებით მცირე ფინანსური შესაძლებლობების მქონე რუსები იჩაგრებიან: მათ შეფერხებები აქვთ დოკუმენტების გაფორმებაში, საბანკო ანგარიშების გახსნაში და სერვისის მიღებაში ბაზრის შედარებით მოკრძალებულ სეგმენტებზე ქონების შესაძენად.