მეგობართან შევიდა ზარი, გაიგო ყვირილი “გაწიეთ ხელები” – დაკარგული ქალის მეგობარი

თბილისში დაკარგული ავსტრალიელი ქალის მეგობარი “ფორმულასთან” საუბრისას ამბობს, რომ შანაი ბრუკი თბილისის მახლობლად ხშირად ლაშქრობდა.

მისი განცხადებით, ქალმა გუშინ მეგობარს დაურეკა, რომელმაც ბრუკის ყვირილი გაიგონა. ის მოუწოდებდა სავარაუდოდ თავდამსხმელს, რომ ხელები გაეწია.

“საქართველოში 1 წელზე მეტია ცხოვრობს. ჩვენ ორივენი ინგლისურის მასწავლებლად ვმუშაობდით. თბილისის მახლობლად დადიოდა მთებში სალაშქროდ, ასე რომ მთაწმინდაზე სიარული არ იყო მისთვის უჩვეულო. დაინტერესებული იყო ფიტნესით, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო მისთვის.

გუშინ სახლი დაახლოებით 4-ის ნახევარზე დატოვა მთაწმინდის მიმართულებით, 4 საათზე მეგობარს დაურეკა შეერთებულ შტატებში, უბრალოდ მოსაკითხად და საქართველოზე სასაუბროდ. დაახლოებით ნახევარ საათში მეგობართან ისევ შევიდა ზარი და მან გაიგო ყვირილი, “ძალიან გთხოვთ, გაწიეთ თქვენი ხელები” – სავარაუდოდ ვიღაც დაესხა თავს და ავტომატურად დარეკა ბოლო ნომერზე. ამის შემდეგ მისგან აღარაფერი გაგვიგია”,– ამბობს მისი მეგობარი.

31 წლის ავსტრალიელი შანაი ბრუკის დაკარგვის ფაქტზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. უწყების პრესსამსახურის ცნობით, საძიებო-სამაშველო ღონისძიებაში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. პროცესში მონაწილეობს 100-მდე მეხანძრე-მაშველი.