თუ ოპოზიცია პრემიერობის კანდიდატად გამომაცხადებს, თანახმა ვიქნები – მეგრელიშვილი

გირჩის ერთ-ერთი ლიდერის, ვახო მეგრელიშვილის თქმით, მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებას იმ შემთხვევაში დაუჭერს მხარს, თუ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მას დაასახელებენ.

მისი შეფასებით, თეორიული შანსი არ არსებობს, რომ ოპოზიციამ მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებას მიაღწიოს და ინიციატივა მხოლოდ პოლიტიკური პროცესია.

“უნდობლობის გამოცხადების პროცედურის დაწყებას შედეგი რომ ჰქონდეს, ჩვენ რომ ვიყოთ არა 50 დეპუტატი, არამედ უმრავლესობა, ეს მთავრობაც არ იქნებოდა, რაც ახლა არის. რა გამოდის, „ქართული ოცნების“ დეპუტატებს უნდათ შეცვალონ მსოფლმხედველობა და პოლიტიკური პრეფერენციები? უნდობლობის ინიციატივის ბოლომდე მიყვანის შანსი არ არსებობს და მისი წამოწყება რას ემსახურება? თუ ამ კითხვაზე ჩემი კოლეგები მიპასუხებენ, პასუხი მეცოდინება. მანამდე არ მესმის, რა შინაარსი შეიძლება, ჰქონდეს მსგავს კამპანიას, თუ არა ის, რომ არ გაგაჩნია იდეა, რაზე შეიძლება მოაწყო წინასაარჩევნო კამპანია, გარდა ჩხუბის“, – აცხადებს მეგრელიშვილი.

მანვე აღნიშნა, რომ 5 ივლისის მოვლენაზე ოპოზიციას შეუძლია სპეციალური საგამოძიებო კომისიის შექმნა.