მედიაციისთვის, ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების წარმომადგენლობა ჩამოდის – ვარლამ გოლეთიანი

“მედიაციისთვის, ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების წარმომადგენლობა ჩამოდის”- „რიონის ხეობის მცველების“ წარმომადგენლის ვარლამ გოლეთიანის განცხადებით,  მნიშვნელოვანია, რომ გაერთიანების წარმომადგენლობასთან შეხვედრა მედიისთვის ღია იყოს. გოლეთიანის თქმით, ისინი ხელისუფლებამ მოიწვია.

“დედაქალაქში ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების წარმომადგენლობა ჩამოდის, რომელიც მედიაციის პროცესში უნდა ჩაერთოს. ეს გაერთიანება ხელისუფლების მხრიდან არის მოწვეული, მათ მიმართეს მედიაციისთვის, თუმცა, აღმოჩნდა, რომ ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების წარმომადგენლობამ სწორედ იმ პირობების დაკმაყოფილება მოითხოვა, რასაც თავის დროზე ჩვენ ვითხოვდით დიალოგისთვის და უარი გვითხრა ხელისუფლებამ. ეს პირობები იყო ბარიკადების აღება, პოლიციის გაყვანა ხეობიდან და სამუშაოების შეწყვეტა, ამის შემდეგ, რაც ეს პირობები შესრულდებოდა გაიწერებოდა კალენდარი და ყველა მნიშვნელოვან საკითხზე ვისაუბრებდით. ამაზე როგორც იცით, უარი გვითხრა ხელისუფლებამ და მოგვიწია ფართომასშტაბიანი აქციების გზით წავსულიყავით.

თუ ეს პირობები არ შესრულდება, როგორც გაერთიანების წარმომადგენლები ამბობენ, ისინი ამ მედიაციის პროცესში არ მიიღებენ მონაწილეობას და შესაბამისი დასკვნაც დაიწერება. თუ მედიაციის პროცესში ჩაერთვებიან, ეს პირობები უნდა შესრულდეს, გარკვეულ ვადას ითხოვენ, რომ ყველაფერი შეისწავლონ.

ვფიქრობთ, მნიშვნელოვანი პროცესია, ჩვენ ამ ყველაფერში ჩავერთვებით. შემდეგ შაბათს რამდენიმე ადამიანი თბილისში ვიქნებით, ამ შეხვედრაში მივიღებთ მონაწილეობას. რა თქმა უნდა, მედიისთვის ეს პროცესი ღია და საჯარო უნდა იყოს, შემდეგ სპეკულაციის საგანი რომ არ დარჩეს ამ შეხვედრაზე “, – აღნიშნავს გოლეთიანი.