მელანია ტრამპი ამერიკელებს დაემშვიდობა. თეთრი სახლი ახალი ბინადრების დასახვედრად ემზადება

ოთხშაბათს, ახალი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და მისი ცოლი, ჯილი თეთრ სახლში გადავლენ საცხოვრებლად. აშშ–ში ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს დამლაგებელთა მთელი არმია იმუშავებს  დონალდ ტრამპის და მისი გუნდის კვალის წასაშლელად რეზიდენციის როგორც სამუშაო, ისე საცხოვრებელ ფლიგელში. ადგილზე დარჩება მხოლოდ ის საგნები, რომლებიც სახელმწიფოს ეკუთვნის: ავეჯი, ჭურჭელი, ნახატები. როგორც წესი, თეთრი სახლის ახალი ბინადარის დასახვედრად მზადება არჩევნების დასრულებისთანავე იწყება, თუმცა ამჯერად ეს პროცესი ბევრად გვიან დაიწყო, რადგან ტრამპი დიდი ხნის განმავლობაში უარს აცხადებდა დამარცხების აღიარებაზე.

ამავე დროს, მელანია ტრამპმა, რომელიც ორ დღეში აშშ–ს პირველი ლედი აღარ იქნება, უკვე მიმართა ამერიკელებს გამოსამშვიდობებელი სიტყვით. ვიდეოში, რომელიც მან ტვიტერზე დადო ამბობს, რომ უკანასკნელი ოთხი წელი დაუვიწყარი იყო, საკუთარ სამუშაოს კი “მის ცხოვრებაში  უდიდესი პატივი უწოდა“. მან მოუწოდა ამერიკელებს არასოდეს მიმართონ ძალადობას, რომლის საშუალებით არაფრის გადაწყვეტა არ შეიძლება და რომელსაც გამართლება არ აქვს.

ამასთან, მელანიამ გადაწყვიტა არ გაიმეოროს დამკვიდრებული  მომავალი პირველი ლედისთვის საცხოვრებელი ოთახების გადაცემის შესახებ ტრადიცია. როგორც წესი, მიმავალი პირველი ლედი მის შემცვლელს პარკში და რეზიდენციის საცხოვრებელ ფლიგელში გასასეირნებლად იწვევს, რის შემდეგაც ისინი ჩაის სვამენ. 150 წლიან ტრადიციას დაარღვევს მისი ქმარიც. დონალდ ტრამპი არ აპირებს  ოთხშაბათს ჯო ბაიდენის ინაუგურაციას დაესწროს.

A Farewell Message from First Lady Melania Trump pic.twitter.com/WfG1zg2mt4

— Melania Trump (@FLOTUS) January 18, 2021