მელაშვილისა და ილიჩოვას საქმეზე წინასასამართლო სხდომის ვადა გახანგრძლივდა – ადვოკატი

ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილის ადვოკატის, ედუარდ მარიკაშვილის ინფორმაციით, საქმეზე სასამართლომ პროკურატურის შუამდგიმლობა დააკმაყოფილა და წინასასამართლო სხდომის ვადა გაახანგრძლივა.

“ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას საქმეზე სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და წინასასამართლო სხდომის ვადა გაახანგრძლივა.

აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის პროცესი ორშაბათს, 30 ნოემბერს, 11:00 საათზე დაინიშნა.
ხვალ და ზეგ თავდებობის მსურველებს კიდევ შეუძლიათ დამიკავშირდნენ.
ივერის და ნატალიას სახელით მადლობა იმ ასობით ადამიანს ვინც უკვე გამოთქვა სურვილი თავდებობაზე.”-  წერს მარიკაშვილი სოციალურ ქსელში.

დღეს სამოქალაქო აქტივისტებმა საგარეო საქმეთა სამინისტროსთან  ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მხარდასაჭერი აქცია გამართეს.აქციის მონაწილეები დაკავებულების უპირობო გათავისუფლებას ითხოვდნენ.

დავით გარეჯის საზღვრის დამდგენი კომისიის ყოფილი წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს, სახელმწიფო ტერიტორიის მთლიანობის დარღვევის მუხლით დააკავეს. პროკურატურა ამტკიცებს, რომ მათ საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და “საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს”.