მელაშვილის უფლებების შესაძლო დარღვევაზე მოკვლევა მიმართვისთანავე დავიწყეთ – პენიტენციური

ომბუდსმენის განცხადებაზე, სადაც საუბარია ივერი მელაშვილისა და მისი ადვოკატის კომუნიკაციის კონფიდენციალურობის დარღვევაზე, პენიტენციური სამსახური სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

“სახალხო დამცველის მოცემულ განცხადებასთან დაკავშირებით სპეციალური პენიტენციური სამსახური განმარტავს, რომ ბრალდებულის ადვოკატის მხრიდან მიმართვისთანავე, უწყებამ მიმდინარე თვის დასაწყისში დაიწყო მოკვლევა იმ ფაქტთან დაკავშირებით (2020 წლის 30 დეკემბრის ინციდენტი N8 პენიტენციურ დაწესებულებაში) რომელზეც ომბუდსმენი თავის განცხადებაში მიუთითებს.

მოკვლევის დასრულების შემდეგ დაიდება დასკვნა და თუ გამოიკვეთება პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლის/თანამშრომლების მხრიდან გადაცდომა, ამ ფაქტს სათანადო რეაგირება მოყვება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად”  – ნათქვამია პენიტენციურის განცხადებაში.

დღეს, 29 იანვარს სახალხო დამცველის აპარატმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ სახალხო დამცველმა კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებული ივერი მელაშვილისთვის ადვოკატთან კონფიდენციალური კომუნიკაციის უფლების დარღვევა დაადგინა.