მელაძემ იცოდა, რომ ლაშქარავას გარდაცვალებას ცემასთან კავშირი არ ჰქონდა – კობახიძე

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ოპოზიციური არხების მენეჯერებს “ამორალურებსა” და “პარტიულ ლიდერებს” უწოდებს.

მისი თქმით, ისინი ცდილობენ, საკუთარი გარდაცვლილი კოლეგის სიკვდილზე “პოლიტიკური ქულების დაწერას”.

კობახიძე ექსპერტიზის დასკვნის გარეშე ამტკიცებს, რომ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას მის სასტიკ ცემასთან კავშირი არ ჰქონია.

“ნოდარ მელაძემ, მაგალითად, იმ დილითვე იცოდა, რაშიც იყო საქმე. საზოგადოებამ იცის, რაშიც იყო საქმე და ამაზე არ მინდა ყურადღების გამახვილება. ნოდარ მელაძემ იმ დილითვე იცოდა, რომ ცემის ფაქტთან არავითარი კავშირი არ ჰქონდა ახალგაზრდა კაცის გარდაცვალებას, შესაბამისად, მისი ქმედება იყო აბსოლუტურად ამორალური”,– ამბობს კობახიძე რუსთავი 2-ის ეთერში.

მისივე მტკიცებით, 5 ივლისს არა 53, არამედ 6 ჟურნალისტი დაშავდა ფიზიკურად.

“ჩვენ გვახსოვს, წინა ხელისუფლების დროს ხელისუფლება მასობრივად ძალადობდა ჟურნალისტებზე”,– აღნიშნა კობახიძემ.