მელიას თქმით, გამარჯვების შემთხვევაში, მერია წვევამდელების ჯარში გაწვევაზე უარს იტყვის

ენმ-ის თავჯდომარე და თბილისის მერობის კანდიდატი, ნიკა მელია ამბობს, რომ მისი გუნდის გამარჯვების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტი მონაწილეობას აღარ მიიღებს იმ ახალგაზრდების ჯარში გაწვევაში, რომლებიც ადმინისტრაციულ შენობებთან დაცვის ფუნქციას ასრულებენ.

“თავდაცვის სამინისტრო ჯარში იწვევს წვევამდელებს, მაგრამ სინამდვილეში კარისკაცებად და დარაჯებად აყენებს მოდულის და სხვადასხვა ადმინისტრაციულ შენობებთან ახალგაზრდებს. ამ ყველაფერს აორგანიზებინებს მუნიციპალიტეტებს, მათ შორის დედაქალაქის მერიას ანუ თბილისის მერიას და სხვადასხვა გამგეობებს. მე თავად ვიყავი გამგებელი და ვერცერთი დღე ვერ ვხვდებოდი, რა მთაწმინდის გამგეობის საქმე იყო, ახალგაზრდა ადამიანი მოიყვანო გამგეობაში, სტრესის ქვეშ ამყოფო, განცხადება დააწერინო და შემდეგ ეს ადამიანი გადააგზავნო რომელიღაც სამინისტროში.

დედაქალაქის მერია და გამგეობები არ შეუწყობენ ხელს ახალგაზრდებისთვის ცხოვრების დამახინჯებას. ჩვენი გამარჯვებისთანავე, ერთ-ერთი პირველი რაც უნდა გავაკეთოთ, არის ის, რომ მოდულის შენობასთან​კარისკაცებად და დარაჯებად ბატონ გომელაურს ახალგაზრდებს აღარ დავუყენებთ, არც ამ ხელისუფლებას კანცელარიის მიმდებარე ტერიტორიაზე და არც არსად”, – ამბობს მელია.