მეორე ტური შედგება, ოცნების მხარდამჭერებს მობილიზაციისკენ მოვუწოდებ – წულუკიანი

იუსტიციის ყოფილი მინისტრი თეა წულუკიანი ამბობს, რომ ოპოზიციის პოზიცია მეორე ტურში არმონაწილეობასთან დაკავშირებით, “ბლეფია”.

“არჩევნების მეორე ტურზე ძალიან მნიშვნელოვანია, თითოეულ ამომრჩეველს, ვის მხარდამჭერადაც ის არ უნდა მოიაზრებოდეს, ავუხსნათ, რომ ოპოზიციის განცხადება, რომ ისინი არ მონაწილეობენ მეორე ტურში – ეს არის, როგორც ფაქტობრივი, ასევე სამართლებრივი ბლეფი, რადგან ჩვენი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს იმას, რომ მეორე ტურში ვინმემ აღარ მიიღოს მონაწილეობა. თქვენ როდესაც მიბრძანდებით საარჩევნო ურნასთან, იქ იქნება ხუთიანი ხუთოსანი პარტია, იქნება 41-ის, ქართული ოცნების კანდიდატი ან სხვა კანდიდატი, რომელიც ქართული ოცნების კანდიდატთან ერთად ნაციონალური მოძრაობის ნაცვლად გავიდა მეორე ადგილას”,- ამბობს წულუკიანი.

ის ქართული ოცნების მხარდამჭერებს უპრეცედენტო მობილიზაციისკენ მოუწოდებს.

“მე მინდა, ქართული ოცნების მხარდამჭერებს მოვუწოდო უპრეცედენტო მობილიზაციისკენ, რადგან მეორე ტური არის ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნების დღე და ოპოზიციის ამომრჩეველიც გამოვა და მისთვის სასურველ კანდიდატს მისცემს ხმას. შესაბამისად, მეორე ტური შედგება და ბლეფია იმის მტკიცება, რომ თუკი ისინი იტყვიან, რომ არ გვინდა მეორე ტური, მეორე ტური არ ან ვერ შედგება…”,- აცხადებს თეა წულუკიანი.

ცნობისთვის, ოპოზიცია 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევს და ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვს. ისინი მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას არ აპირებენ.