მეტი “ფეისი” სჭირდება პირველ არხს, პირტიტველა ბავშვების ნაკლებად მჯერა – ირმა სოხაძე

საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორობის კანდიდატის ირმა სოხაძის აზრით, საზოგადოებრივ მაუწყებელს უფროსი თაობის წამყვანი სჭირდება. მისი თქმით, ახალგაზრდა წამყვანების ნაკლებად არ სჯერა, ვიდრე უფროსი თაობის ადამიანის.

“თითქოს, ეიჯიზმის ნიშნით, 40 წელს ზემოთ არ ზის არც წამყვანი, არც გადაცემის ავტორი [საზოგადოებრივ მაუწყებელში]. ახლა ცოტა შეიცვალა, ძალიან კარგი გადაცემაა ტელესკოლა მეორე არხზე. ასე, არ შეიძლება, რატომ იცით? იმას რომ თავი დავანებოთ სხვა მსგავს ტელევიზიებს, საზოგადოებრივ მაუწყებლებს, ჩვენი მაყურებელი ძირითადი მაინც არის ცოტა უფროსი თაობა. მე არ მგონია, ჩვენ თინეიჯერები გვიყურებდნენ, რატომღაც. იმიტომ, რომ ისინი სხვა რაღაცეებით არიან დაკავებული ძირითადად.

ამიტომ ამაზეც უნდა ვიფიქროთ, რომ ჩვენი წამყვანების ავტორიტეტით მათი რაღაც… თუნდაც ასაკობრივი, ჩემიანს რომ ვხედავ, მე უფრო მჯერა მისი, ვიდრე პირტიტველა, ლამაზ, საყვარელ, მაგრამ ბავშვს, რომლისაც რატომღაც არ მჯერა. არ მგონია, რომ ის იმას აკეთებს და ლაპარაკობს, რაც ჩემთვის საინტერესო და მისაღებია”, – განაცხადა მან სამეურვეო საბჭოს წევრებთან გასაუბრებისას.

ცნობისთვის, საზმაუს გენერალური დირექტორობის კონკურსის მეორე ტურში 4 კანდიდატი გადავიდა, თუმცა დღეს ალექსანდრე ვახტანგოვმა კანდიდატურა მოხსნა და მხარი თინათინ ბერძენიშვილს დაუჭირა.