მეტროში შშმ პირზე ძალადობის ფაქტზე 2 პოლიციელი დააკავეს

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის განცხადებით, მეტროში შშმ პირზე ძალადობის ფაქტზე შსს-ს 2 თანამშრომელია დაკავებული.

“სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ ძალადობის განმახორციელებელი საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მეტროპოლიტენის სამმართველოს მე-3 ოცეულის პატრულ-ინსპექტორი ნ.ბ. დაკავებული იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443 მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, და ,,ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ბრალდებით, რაც გულისხმობს დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას ჩადენილს მოხელის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნისა და სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირის მიმართ;

ხოლო, ფაქტის შემსწრე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მეორე თანამშრომელი, მეტროპოლიტენის სამმართველოს მე-3 ოცეულის პატრულ-ინსპექტორი კ.ბ. დაკავებული იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ბრალდებით, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას”,– აცხადებს ინსპექტორი.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის განცხადებითვე, მათი გამოძიების ფარგლებში ფსიქოლოგის თანხლებით გამოიკითხა პირი, რომელსაც პოლიციელმა სცემა.

ცნობისთვის, გუშინ გავრცელდა ვიდეო, როგორ სცემს ისნის მეტროში საპატრულო პოლიციის თანამშრომელი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოქალაქეს.