მეუფე იაკობი მეუფე სტეფანეს მოწინააღმდეგეებზე: უვიცები, ყველას გავცემ პასუხს

ბოდბელი ეპისკოპოსი მეუფე იაკობი დასჯილი მეუფე პეტრეს მხარდამჭერებს ემუქრება და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს.

მისი თქმით, ეს სასულიერო პირები “უვიცები” და “ჩამშვებები” არიან.

„გუშინ, ისეთ რამეზეც მივედით, რომ სასულიერო პირი ამბობდა ასეთ რამეს: „მეუფემ დარღვევა გააკეთაო, რომ მოუწოდა, ჩამოდით, ყველას გეპატიჟებითო დღევანდელ წირვაზე, ეპისკოპოსებს რატომ არ შეეკითხაო“. ხმამაღლა გამოაცხადა, ეპისკოპოსებსაც ეხებოდა დაპატიჟება.

მაგდენიც არ იციან, სიმართლისთვის იბრძვიან. უვიცების არის ასე, არ ასწავლიან, არაფერი იციან. ბევრს ვიცნობ იმათ, არავითარი სკოლაც არ აქვთ გავლილი, მაბეზღარობის გარდა არაფერი უკეთებიათ მონასტრებშიც. ჩამშვებები იყვნენ და იმიტომ არიან უმეტესობა მასე. ყველას გავცემ პასუხს. ერისკაცები რომ ყოფილიყვნენ, ერში რასაც მიიღებდნენ, იმას მიიღებენ აუცილებლად, თუ არ მორჯულდებიან”,– ამბობს მეუფე იაკობი ქადაგებისას.

დღეს სალხინოს ტაძარში ბზობის დღესასწაულზე შეკრებილ მრევლს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ფიზიკური შეხლა–შემოხლა მას შემდეგ დაიწყო, რაც ტაძარის ეზოში ადგილობრივი ბიზნესმენი კლიმენტი კეკუტია გამოჩნდა. მხარეები პოლიციამ განარიდა.

დილიდან ღვთისმშობლის შობის ტაძარში, სადაც ბზობასთან დაკავშირებული წირვა-ლოცვა მიმდინარეობს, მრევლი სხვადასხვა ეპარქიებიდან ჩავიდა. მათი ნაწილი მეუფე სტეფანეს მხარდამჭერია, ნახილი კი დასჯილი მეუფე პეტრესი და სხვა სასულიერო პირების.