მეწყერი მოძრაობს 5 სანტიმეტრით დღეში, სიღრმეში 18 მეტრია – თეა გოდოლაძე

სეისმოლოგი თეა გოდოლაძე მაჭავარიანის ქუჩაზე არსებულ მეწყერთან დაკავშირებით ამბობს, რომ ის შეისწავლეს და აღმოჩნდა, რომ მეწყერი დღეში 5 სმ-ით მოძრაობს.

“რაოდენობრივად შეფასებისას ვამბობთ, რომ მეწყერი მოძრაობს, ეს არის დინამიკაში მოსული და ამის დასაბუთება გვესაჭიროებოდა, თუ რას ნიშნავს მეწყერის მოძრაობა. განვმარტავ ასევე, რომ მეწყერის მოძრაობას არყევს ძალიან მნიშვნელოვანი ორი სიდიდე, ეს არის მისი გადაადგილების სიჩქარე და აჩქარება. შევეცადეთ, რომ სიჩქარე აეროფოტოგადაღებით გაგვეზომა, რაც შეეხება აჩქარებას, ჩვენ არ გვაქვს სპეციალური ხელსაწყო.

ხელით უნდა გავზომოთ. აჩქარების პარამეტრი იმიტომაა მნიშვნელოვანი, რომ ის გვიჩვენებს, თუ სხეული აჩქარდა, ნიშნავს, რომ სისტემა დაიძრა და ასეთი ნელი მოძრაობიდან გადავა ჩამოწოლამდე. ახლა სისტემა დაძრულია და მოძრაობს ნელა, 5 სმ-ით დღეში. ეს ჩვენთვისაც საკმაოდ დიდი ციფრია. რაც ჩანს ვიზუალურად, მისი მოძრაობის სიჩქარე არის 5 სანტიმეტრი დღეში. აუცილებელია, გავამახვილოთ ყურადღება და როდესაც საფრთხეს ვზომავთ, უნდა მოვემზადოთ უარესი სცენარებისთვის, ყველა სცენარი უნდა გავითვალისწინოთ”. – ამბობს გოდოლაძე.

მისივე განცხადებით, გააკეთეს “ელექტრული პროფილი”, რომლითაც დადასტურდა, რომ მეწყერის სიღრმე 18 მეტრია.

“მოცულობა უფრო დიდია, ანუ ის, რაც მოტყდა და რაც ხილულია არ არის რეალური დაძვრის საზღვარი, ამიტომ, ეს ყველაფერი გადავაგზავნეთ ამერიკელ კოლეგებთან და გვითხრეს, რომ აუცილებელია გადამკვეთი პროფილების გაკეთებაც. ჯერ მხოლოდ ერთი მოვასწარით, რადგან საკმაოდ დიდი სამუშაოა, უსაფრთხოების ნორმებიც დასაცავია და დავიწყებთ უკვე გადამკვეთი პროფილების გაკეთებას, რათა დაახლოებითი ტომოგრაფიული სურათი მივიღოთ წყლის შემცველობისა და მოწყვეტის ზედაპირის იდენტიფიკაციისთვის”. – თქვა გოდოლაძემ პრესკონფერენციაზე.