მე ვიყავი პირადად პასუხისმგებელი–კომპანიის ხელმძღვანელი, რომელმაც ვაკის პარკის რეაბილიტაცია განახორციელა

კომპანია გრინსერვისის დამფუძნებელი, ლაშა ფურცხვანიძე ვაკე–საბურთალოს პოლიციის მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზე დაიბარეს. პოლიციაში შესვლამდე მან თქვა, რომ ვაკის პარკში მომხდარზე “პასუხისმგებელი პირადად ის არის“.

პოლიციაში ასევე იკითხებიან მერიის თანამშრომლები.

ვაკის პარკში ჩატარებული სამუშაოების ცენტრალური კონტრაქტორი იყო „გრინ სერვისი“ და პროექტი შემოწმებული იყო.

ვაკის პარკში დღეს შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩასულ 13 წლის გოგოს დენმა დაარტყა და დაიღუპა. მის დასახმარებლად ჩასული 2 მეგობარი მძიმე მდგომარეობაში სასწრაფო დახმარების მანქანამ კლინიკაში გადაიყვანა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება.