„მე ისევ რუსი ვარ“: დეპარდიე ამბობს, რომ უკრაინაში შეჭრის შემდეგ მისი დამოკიდებულება რუსეთის მიმართ არ შეცვლილა

მსახიობმა ჟერარ დეპარდიემ განაცხადა, რომ მისი დამოკიდებულება რუსეთის მიმართ უკრაინაში შეჭრის შემდეგაც არ შეცვლილა. მისი თქმით, ის „ჯერ კიდევ რუსია“. ამის შესახებ ფრანგმა კულტურის მოღვაწემ Augsburger Allgemeine-თან ინტერვიუში განაცხადა.

მან განმარტა, რომ რუსეთისადმი მისი სიყვარული ქვეყნის კულტურაშია. დეპარდიემ ასევე აღნიშნა, რომ ცდილობს თავი აარიდოს რუსეთ-უკრაინის ომის თემას, რადგან „ამაზე გონივრულს ვერავინ ვერაფერს იტყვის“.

“ჩემთვის არაფერი შეცვლილა. მე ისევ რუსი ვარ. მიყვარს რუსული კულტურა. როცა ქვეყანა მიყვარს, ეს ყოველთვის მისი კულტურის გამოა”, – განაცხადა მსახიობმა.

ჟერარ დეპარდიემ დასძინა, რომ მას სძულს, როდესაც „პოლიტიკა და მსახიობობა ერთმანეთშია შერეული“, მაგრამ დასძინა, რომ „ომი დიდი სისულელეა“.

”მე არ მინდა ამაზე მეტი საუბარი: ომი დიდი სისულელეა”, – თქვა მან.

უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დასაწყისში მსახიობმა თქვა, რომ “რუსეთი და უკრაინა ძმური ქვეყნები იყვნენ”. მან მოუწოდა საომარი მოქმედებების შეწყვეტისა და მოლაპარაკებების დაწყებისკენ. 2013 წელს დეპარდიემ რუსეთის მოქალაქეობა მიიღო.

1 აპრილს ფრანგმა მოღვაწემ, რომელიც მანამდე ვლადიმერ პუტინისადმი სიმპათიით იყო ცნობილი, დაგმო რუსეთის პრეზიდენტის ქმედება უკრაინის მიმართ და მას სიგიჟე უწოდა. თუმცა, მისი აზრით, რიგითი რუსები არ არიან დამნაშავე იმაში, რაც ხდება.