მე ჩემს თავს ვერ ვხედავ იმ გუნდში, სადაც იქნება ვანო მერაბიშვილი – ნიკა მელია

ნაციონალური მოძრაობის ერთ–ერთი ლიდერი და გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატი, ნიკა მელია ამბობს, რომ ყოფილი შს მინისტრი, ვანო მერაბიშვილი პარტიულ სიაში არ იქნება.

მელია აცხადებს, რომ მერაბიშვილმა გააკეთა ბევრი რამ, რაც ანტიკონსტიტუციური იყო.

“ვანო მერაბიშვილმა ძალიან ბევრი რამ გააკეთა ამ ქვეყანაში, მაშინ როდესაც აბსოლუტურად განუკითხაობა იყო და ყაჩაღებისა და კრიმინალების ბოგინი იყო, ამას ვაფასებ, მაგრამ იმასაც ვაფასებ, რომ ბევრი რამე, ძალიან რბილად რომ ვთქვათ, იყო ანტიკონსტიტუციური. მე პირადად რაც მიმაჩნია მის მთავარ შეცდომად, როდესაც ახალგაზრდა გირგვლიანის შემთხვევა მოხდა, მას არანაირი მორალური უფლება არ ჰქონდა, დარჩენილიყო თანამდებობაზე, სამწუხაროდ, იგი დარჩა”,– ამბობს მელია ტვ პირველის ეთერში.

მელია აღნიშნავს, რომ ხელისუფლებამ ამის მერე ჩათვალა, რომ ხალხმა დაივიწყა ეს ამბავი, მაგრამ “სინამდვილეში ეს დაილექა და დემოკრატიულმა ტალღამ დაარტყა 2012 წელს”.

“მე მიმაჩნია, რომ მისი პოზიტიური ცოდნა უნდა გამოადგეს ქვეყანას, მაგრამ ამ ადამიანს აქვს ასევე ნეგატიური გამოცდილება. მე პირადად ჩემ თავს ვერ ვხედავ იმ გუნდში, სადაც იქნება ბატონი ვანო მერაბიშვილი. იმიტომ რომ არსებობს ფასეულებები, ღირებულებები”,– თქვა ნიკა მელიამ.