მზად ვართ, დაჩქარებულად შეიქმნას აქონდროპლაზიის მართვის პროტოკოლი და გაიდლაინი – გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია აცხადებს, რომ სამინისტრო მზადაა, დაჩქარებულად შეიქმნას აქონდროპლაზიის მართვის პროტოკოლი და გაიდლაინი.

“ორგანიზაციის “პატარა ადამიანები საქართველოდან”წარმომადგენლებს, შესაძლებლობა ექნებათ, ჩაერთონ როგორც იშვიათი დაავადებების საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭოს, ისე აქონდროპლაზიის საკითხებზე მომუშავე მულტიდისციპლინურ ჯგუფის მუშაობაში. სწორედ სამუშაო ჯგუფებში ჩართულობა იყო აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლების მხრიდან გაჟღერებული მოთხოვნა”, – აცხადებს თამარ გაბუნია.

გაბუნია ასევე აღნიშნავს, რომ სამინისტრო მზადაა, სრულად დაფაროს ხარჯები აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების სიმპტომური მოდელის დისციპლინარული მართვისთვის, როგორც ქვეყანაში, ისე საზღვარგარეთ.

“[ჯანდაცვის] სამინისტრომ, როგორც ეს უკვე გაჟღერდა, დააფიქსირა მზაობა, სრულად დაფაროს ხარჯები აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების სიმპტომური მოდელის დისციპლინარული მართვისთვის, როგორც ქვეყანაში, ისე საზღვარგარეთ. მწარმოებელთან დიალოგის პროცესი გრძელდება. მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის შიგნით მოსამზადებელი სამუშაოები და პროტოკოლზე მუშაობა გაგრძელდეს კონსტრუქციულ რეჟიმში, რაც ხელს შეუწყობს კონსენსუსის სწრაფად ჩამოყალიბებას და შექმნის ხელსაყრელ პირობებს იმისთვის, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით მოხდეს აქონდროპლაზიის მართვის მოდელის დანერგვა იმ ინოვაციური მედიკამენტის ჩათვლით, რაზედაც დღეს ასეთი მაღალია საზოგადოებრივი ინტერესი”, – ამბობს გაბუნია.