მზად ვართ, შაქარაშვილის საქმეზე ომბუდსმენთან ვითანამშრომლოთ – პროკურატურა

საქართველოს პროკურატურა მზადყოფნას გამოთქვამს, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმის გამოძიების ფარგლებში სახალხო დამცველთან ნებისმიერ თემაზე ითანამშრომლოს.

“აღნიშნულთან დაკავშირებით, პროკურატურის წარმომადგენლებს უკვე ჰქონდათ კომუნიკაცია სახალხო დამცველის აპარატთან. ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლებს მიეცემათ საშუალება, გაეცნონ სისხლის სამართლის საქმის მასალებს, – წერია უწყების განცხადებაში.

სახალხო დამცველის აპარატმა გენერალურ პროკურატურას გიორგი შაქარაშვილის საქმის მასალების გაცნობის თხოვნით მიმართა. ომბუდსმენის განცხადებაში წერია, მათ სურთ, შეისწავლონ გამოძიების ეფექტიანობა და მეორეს მხრივ, შეაფასონ სხვადასხვა პირთა უფლებრივი მდგომარეობა.

სახალხო დამცველის აპარატი შესწავლის შემდეგ, საზოგადოებას საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას მიაწვდის.