“მთავარი არხის” ჟურნალისტი ირაკლი კობახიძეს პარლამენტის ეთიკის საბჭოში უჩივის

ტელეკომპანია “მთავარი არხის” ჟურნალისტი ნატალი ჯახუტაშვილი პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარესა და მოქმედ დეპუტატს, ირაკლი კობახიძეს პარლამენტის ეთიკის საბჭოში უჩივის. მის უფლებებს არასამთავრობო ორგანიზაცია “მედიაომბუდსმენი” იცავს.

​”ირაკლი კობახიძემ კითხვის საპასუხოდ, ჟურნალისტს შეურაცხყოფა მიაყენა და შემდეგი სექსისტური ფრაზებით მიმართა: კაგებეშნიკი არის მამათქვენი. ნუ კანკალებ, სახე დაკარგე. არ გრცხვენია? შენც ხარ დავით არახამია. როგორც არახამია არ არის კაცი, ისე შენ არ ხარ ქალი…სახე დაკარგე, თავი დაკარგე. პოლიტიკა გიღირს ამად? სამარცხვინო ხარ. გულისამრევი. ქალი აღარ ხარ…

ნატალი ჯახუტაშვილის მიმართ შეურაცხმყოფელი და სექსისტური გამონათქვამების გამოყენებით ირაკლი კობახიძემ დაარღვია საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით და საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსით დადგენილი წესები”, – წერია “მედიაომბუდსმენის” განცხადებაში.

25 ივლისს “მთავარი არხის” ჟურნალისტმა ნატალი ჯახუტაშვილმა ირაკლი კობახიძეს უკრაინის მმართველი პარტიის საპარლამენტო ფრაქციის ლიდერის, დავით არახამიას კომენტარის შეფასება სთხოვა. დავით არახამიამ დეპუტატის მამაზე თქვა, რომ “კაგებეს მიერ იყო დავერბოვკებული”.