მთავრობამ პანდემიის პირობებში კონცერტების ჩასატარებლად 700 000 ლარი გამოყო – ხოშტარია

მოძრაობა დროას ლიდერის, ელენე ხოშტარიას ინფორმაციით, მთავრობა 18 კონცერტის ჩასატარებლად 700 ათას ლარს დახარჯავს.

“სამწუხაროდ, საქართველო მსოფლიოშიც კი გამორჩეულია უმძიმესი ვითარებით კოვიდის თვალსაზრისით. დაგვიანებული ვაქცინაციის გამო, ჩვენ, სამწუხაროდ, დღეში ათობით ადამიანს ვკარგავთ და გვაქვს ათასობით შემთხვევა. ვისმენთ მიმართვებს ჯანდაცვის მინისტრისგან, ეპიდემიოლოგებისგან, რომ ჩვენ თავი უნდა შევიკავოთ თავშეყრისგან, ღონისძიებებისგან, რაც ბუნებრივია, ამ ყველაფრის პარალელურად კი, მეორე ხელით, სახელმწიფო პრაქტიკულად ხელს უწყობს ეპიდემიის გავრცელებას. მინდა გაგაცნოთ კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის 21 ივლისის ბრძანება, რომლის მიხედვითაც, 700 000 ლარი უნდა დაიხარჯოს კონცერტებზე სხვადასხვა რეგიონში.

უკვე ჩატარებულია ხალხმრავალი ღონისძიებები, ყველანაირი წესების დაცვის გარეშე, ხაშურში, საჩხერეში, ბოლნისში, ჩხოროწყუში, ცაგერში, ლეჩხუმში და ასევე, ცალკე ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა ერთჯერადად დახარჯა 19 000 ლარი კონცერტზე, სადაც იყო უამრავი ადამიანი. მთლიანობაში, ამ 700 000 ლარის ფარგლებში დაგეგმილია 18 ხალხმრავალი ღონისძიება”. – ამბობს ხოშტარია ბრიფინგზე.

ხოშტარიას თქმით, ერთის მხრივ, ხელისუფლება ხშირად აქციებს აბრალებს ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის დამძიმებას და მეორე მხრივ, წინასაარჩევნოდ ხალხს კრებს და უდიდეს საფრთხეს უქმნიან მოსახლეობას.