მთავრობას არ წარმოუდგენია დასაბუთება, რატომ დარჩა კომენდანტის საათი – ომბუდსმენი

სახალხო დამცველი პარლამენტში ანგარიშს წარადგენს. ნინო ლომჯარიას განცხადებით, მთავრობა არ დაუსაბუთებია, რატომ დარჩა ქვეყანაში კომენდანტის საათი.

“რაც შეეხება თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების თვალსაზრისით არსებულ ვითარებას ქვეყანაში, ამ მხრივ ჩვენ ყურადღება გვაქვს გამახვილებული ამ დრომდე მოქმედ კომენდანტის საათის პრობლემურობაზე. მიგვაჩნია, რომ მიუხედავად იმისა, რომ 2021 მარტის მდგომარეობით, პანდემიასთან დაკავშირებული მთელი რიგი შეზღუდვები მოიხსნა, საქართველოს მთავრობას არ წარმოუდგენია კონკრეტულ მეცნიერულ მეთოდზე დაფუძნებული დასაბუთება, რატომ დარჩა გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის დატოვების გარდაუვალი საჭიროება”,– თქვა ომბუდსმენმა.

მისივე განცხადებით, უწყებათაშორისომა საბჭომ უნდა დაასაბუთოს და საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია, რა გავლენას ახდენს კონკრეტულ საათებში გადაადგილების შეზღუდვა კორონავირუსის გავრცელების შეჩერებაზე.