მთავრობის დადგენილების გამოყენება მანიფესტაციის აკრძალვისთვის, არაკონსტიტუციური იქნება – ომბუდსმენი

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სახელმწიფო ორგანოებს მოუწოდებს, პატივი სცენ პარლამენტის წინ მანიფესტანტების გამოხატვის თავისუფლებას და თავი შეიკავონ აქციის მონაწილეთა სანქცირებისგან.  ლომჯარია ასევე აცხადებს, რომ რომ “საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ” საქართველოს კანონი შესაძლებლობას იძლევა, შეიზღუდოს გადაადგილების თავისუფლება, და არა შეკრება-მანიფესტაციის უფლება. შესაბამისად, მთავრობის დადგენილების გამოყენება მანიფესტაციისა და გამოხატვის აკრძალვის მიზნით, არაკონსტიტუციური იქნება.

“დემოკრატიულ საზოგადოებაში საზოგადოების წევრებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, გამოთქვან აზრი ნებისმიერი შეზღუდვის თაობაზე, მათ შორის შეკრებისა და მანიფესტაციის გზით გააპროტესტონ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით შემოღებული შეზღუდვის კანონიერება, მისი ეფექტურობა და მიზანშეწონილობა. სწორედ ამ ტიპის შესაძლებლობა განასხვავებს დემოკრატიულ სახელმწიფოს არადემოკრატიულისგან“. – ნათქვამია განცხადებაში.

ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქტივისტები შეზღუდვებს დაუმორჩილებლობას უცხადებენ და განაცხადეს რომ აქცია 05:00 საათამდე გაგრძელდება. გადაადგილების შეზღუდვის მოხსნამდე 1 საათი დარჩა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პარლამენტთან აქციაზე ოთხი პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-173 მუხლებით დააკავეს.