მივიღე მუქარა ივანიშვილისგან, რომ თუ არ გავჩერდები, მოხდება ჩემი და ჩემი ოჯახის განადგურება – გოგაშვილი

“მივიღე მუქარა ბიძინა ივანიშვილისგან, რომ თუ არ გავჩერდები, მოხდება ჩემი და ჩემი ოჯახის განადგურება” – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან კიდევ ერთ წერილს ავრცელებს.

“კეთილი ფილანტროპი არა…?  მე-12 დაწესებულებაში მივიღე მუქარა ბიძინა ივანიშვილისაგან, რომ თუ არ გავჩერდებოდი და სასურველ ჩვენებას არ მივცემდი, მოხდება ჩემი და ჩემი ოჯახის განადგურება. შეიძლება გავიგო, რომ ჩემი ოჯახი CO-თი გაიგუდა, ხანძარს ემსხვერპლა ან ავტოსაგზაო შემთხვევას. უკეთეს შემთხვევაში მოხდება ჩემი ოჯახის წევრებისა და ახლო გარემოცვისათვის ჩადება და მათი დაჭერა, “ოცნების” ზონდერ მედიების შემოსევა. ჩემი ოჯახისა და ახლობლების წინააღმდეგ განხორციელებულ უკანონობებზე პასუხისმგებლობას ვაკისრებ ბიძინა ივანიშვილსა და მის ოჯახს. მე ჩემს ოჯახთან ერთად გავაგრძელებ ბრძოლას სამართლიანობისთვის და გავაგრძელებ მხილების კამპანიას.

მივმართავ თხოვნით სახალხო დამცველს, პოლიტიკოსებს განურჩევლად მათი პოზიციისა, არასამთავრობოებს, უფლებადამცველებს, დიპლომატიურ კორპუსსა და მედიას – დაიცვან ჩემი უდანაშაულო ოჯახი.

ასევე, მივმართავ ჩემს ნათესავებს, მეგობრებსა და მათ,  ვისაც ჩემგან სიკეთე ახსოვს – დაიცავით ფიზიკურად ჩემი უდანაშაულო ოჯახი”, – წერს სოსო გოგაშვილი.