მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში 9 მძევალი და 1 შეიარაღებული პირია – შსს

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, ვაჟა სირაძის თქმით, წერეთლის გამზირზე მირკოსაფინანსო ორგანიზაციაში 1 შეიარაღებული პირი შეიჭრა და 9 მძევალი ჰყავს აყვანილი.

“გამოძიება დაწყებულია ფაქტზე. რაც შეეხება შეიარაღებას, დაზუსტებულ ინფორმაციას ვერ მოგახსენებთ”,– ამბობს სირაძე.

ის მედიას მოუწოდებს, ლაივ ჩართვა ადგილიდან შეწყვიტონ.

განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომაც:

“პოლიცია მობილიზებულია თბილისში, აკაკი წერეთლის გამზირზე ერთ-ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ოფისთან. პირველადი ინფორმაციით ოფისში შეიარაღებული პირი არის შეჭრილი.
თავდასხმის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე პოლიციის თანამშრომლებმა, მყისიერი რეაგირების რეჟიმში შემოსაზღვრეს შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია.

ამჟამად ადგილზე მობილიზებული სამართალდამცველები ატარებენ ყველა საჭირო და გადაუდებელ ღონისძიებას, ასევე მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მედიის წარმომადგენლებს დაიცვან უსაფრთხოების ნორმები, თავი შეიკავონ როგორც უშუალოდ შემთხვევის ადგილზე მიმდინარე მოვლენების ტირაჟირებისგან, ასევე, გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან.

ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას და ყაჩაღობას ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის სამართლის კოდექსის 236-ე და 179-ე მუხლებით დაიწყო”,– წერია შსს–ს ოფიციალურ განცხადებაში.