“მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეჭრილ ზურაბაშვილს ხელში ხელყუმბარის ფორმის სანთებელა ეჭირა. მისი მხრიდან ეს იყო ერთგვარი პერფორმანსი“–ადვოკატი

ლევან ზურაბაშვილის ადვოკატი, რომელიც გუშინ წერეთლის გამზირზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეიჭრა და მძევლები აიყვანა ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ნამდვილი ხელყუმბარა არ ქონია და ხელში ხელყუმბარის ფორმის სანთებელა ეჭირა. ირმა ჭკადუა ამბობს, რომ ყაჩაღობას ადგილი არ ქონია, რადგან მისი დაცვის ქვეშ მყოფს ფული არ მოუთხოვია.

„ჩვენ ყველა ვხედავდით, რომ ის მძევლებს აგრესიულად არ ექცეოდა, რამდენიმემ თავისუფლად დატოვა შენობა, თითოეულ მათგანს გადაადგილება შეეძლო. ასევე, გვესმოდა, როცა მოთხოვნებს აყალიბებდა, მძევალთაგან ორი უსწორებდა კიდეც, რომ 7 % ბევრია და საბანკო სესხის განაკვეთი 3 პროცენტამდე დაწეულიყო.

ამ ბატონის მიერ გაჟღერებული მოთხოვნები იმდენად საჭირო იყო, არცერთ პოლიტიკოსს, არც ოპოზიციიდან და არც ხელისუფლებიდან არ ჰქონია იმ ტიპის დაპირება, რა მოთხოვნაც ამ ბატონს ჰქონდა. ეს გულწრფელი პროტესტი, თითოეული ჩვენგანის სატკივარი იყო და მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა ერთგვარ პერფომანსს, რა ფორმითაც მან ეს შეძლო.

მას იარაღი არ ჰქონია, ხელყუმბარა არ ჰქონია, მეტი დამაჯერებლობისთვის სანთებელა იყო ყუმბარის ფორმით, რომელსაც საფერფლეც აქვს. ყაჩაღობას ადგილი არ ჰქონია, ვინაიდან არც ერთი თეთრი არ მოუთხოვია, მოლარეს უთხრა, რომ სალარო დაეკეტა, რადგან არ ეფიქრა ვინმეს, რომ რამე ფორმით თანხასთან ჰქონდა შემხებლობა. ის აბსოლუტურად ფხიზელ მდგომარეობაში იყო, არც ნასვამი იყო და არც ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. ის დიდი ხნის განმავლობაში იყო აზარტული თამაშების მსხვერპლი, მან ავტომანქანაც კი გაყიდა ვალების ნაწილის გასასტუმრებლად, 12 წლის შვილი ჰყავს და ამბობს, არ მინდა, ჩემი შვილიც იმ მდგომარეობაში აღმოჩნდეს, როგორშიც მე ვარო“, – განაცხადა ჭკადუამ, რომლის თქმითაც, დაკავებულს უფასოდ დაიცავს.

როგორც ადვოკატი განმარტავს, მას საქმის მასალებს დღეს გადასცემენ და უფრო მეტი დეტალი ამის შემდეგ ეცოდინება. ლევან ზურაბაშვილს ბრალი შესაძლოა, ხვალ წაუყენონ.

წერეთლის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეჭრილ ლევან ზურაბაშვილს მძევლები გუშინ 4 საათის განმავლობაში ჰყავდა აყვანილი. სამართალდამცავებთან რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების შედეგად, ბრალდებულმა მძევლად აყვანილი ადამიანები ეტაპობრივად გაათავისუფლა.

თავდამსხმელი  დეპუტატების პარლამენტში შესვლას და 3 კანონის მიღებას ითხოვდა.

“1) აიკრძალოს საქართველოს მასშტაბით ყველანაირი აზარტული თამაში; 2) ბანკებს მიეცეთ უფლება, 7%-ში გასცენ სესხი, ვისაც არსებული სესხები აქვთ, გადაუტანონ 7%-ში; 3) ფარმაცევტულ კომპანიებს მხოლოდ 10% მოგების უფლება მიეცეთ”

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით და 236-მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გრძელდება, რაც ორზე მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-ტარებას გულისხმობს.

.