მინაშვილი: ამ ფორმით თუ იქნება დოკუმენტი, პრობლემატური იქნება ხელმოწერა

ენმ–ს წევრის, აკაკი მინაშვილის განამარტებით, ახალ დოკუმენტში პრობლემა აქვთ როგორც ვადამდელ არჩევნებთან მისასვლელ გზასთან დაკავიშირებით, ისე ნიკა მელიას ამნისტიაზე.

“ამნისტიასთან დაკავშირებით იცით ნიკა მელიას წუხილი, ამნისტია არ უნდა გავრცელდეს ყველა იმ ადამიანზე, ვინც გამოიყენა ძალადობა 19-20 ივნისს, ეს არის ნიკა მელიას პოზიცია, ჩვენი პოზიცია და ამასთან დაკავშირებით გვაქვს წუხილები.

ჩვენ არ ვხედავთ, რომ ის რაც შემოთავაზებულია, არის სწორი გზა იმისათვის, რომ მივიდეთ ვადამდელ არჩევნებამდე, თვისობრივად განსხვავებულია ადგილობრივი და ფედერალური არჩევნები. ამ მიდგომამ შეიძლება კიდევ უფრო მეტი პრობლემა შექმნას. არასწორია ადგილობრივი არჩევნების და ფედერალური არჩევნების ერთმანეთზე მიბმა. ამ ორ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს წუხილები, ბუნებრივია, ამ ფორმით თუ იქნება დოკუმენტი, პრობლემატური იქნება ნამდვილად ხელმოწერ”,– თქვა მინაშვილმა.

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, შარლ მიშელის მიერ წარდგენილი ახალი დოკუმენტი, გარკვეულწილად გაუმჯობესებულია, თუმცა მასში არის გარკვეული პრობლემები, რაზეც პარტიამ უნდა გააგრძელოს მსჯელობა და ამის შემდეგ მიიღებენ საბოლოო გადაწყვეტილებას.

“გეტყვით პირდაპირ, რომ ჯერჯერობით გვაქვს პრობლემები გარკვეულ საკითხებთან მიმართებაში შემოთავაზებულ დოკუმენტში რაც არის ასახული, ამიტომ უნდა გავაგრძელოთ მსჯელობა და შიდა კონსულტაციები იმისთვის, რომ ჩამოყალიბდეს საბოლოო პოზიცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის. მე სხვას ამ ეტაპზე ვერაფერს ვერ გეტყვით, თუმცა ამავე დროს, დღეს ჩემთვის გაუგებარია, აპირებს თუ არა ქართული ოცნება იმ შეთანხმების ხელმოწერას, რომელსაც ასე ელოდებიან ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები.

რადგან ისინი დღევანდელ შეხვედრაზე არ იყვნენ წარმოდგენილი, ეს აჩვენებს ზოგადად მათ დამოკიდებულებას ამ პროცესის მიმართ, ამიტომ დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, წინ ნაბიჯი გადაიდგა, გამოიკვეთა გზა, როგორ შეიძლება,  გავათავისუფლოთ პოლიტპატიმრები და მოხდეს პოლიტიკური შეთანხმება სამომავლო პოლიტიკურ კურსზე, კონკრეტულად ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით, ვნახოთ რამდენად მისაღები აღმოჩნდება ეს პოზიცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის”. – ამბობს სამადაშვილი.