მინა შეიცვალა საშხაპე ოთახში, რომელიც თავად სააკაშვილმა დააზიანა – პენიტენციური

სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება ენმ-ს წევრის კობა ნაყოფიას განცხადებას, რომ ციხის ადმინისტრაციამ მიხელ სააკაშვილის საკნის ფანჯრები შეღება და დაბურა.

უწყების განმარტებით, მინა შეიცვალა მხოლოდ საშხაპე ოთახში, რომელიც რამდენიმე დღის წინ სააკაშვილმა გადაძახილით მიმართვის დროს დააზიანა.

“ახალ მინას გაუკეთდა დამცავი, გამჭვირვალე ფირი, რომელიც ამცირებს მინის დაზიანების რისკს. ასევე შეუფერხებლად ატარებს მზის სხივს”,– აცხადებს პენიტენციური.

მათივე მტკიცებით, ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან შეხვედრაზე მისული პირისთვის რაიმე სახის კორესპონდენციის გადაცემა და მისი მეშვეობით დაწესებულებიდან გამოტანა სპეციალური პენიტენციური სამსახურის არც ერთ პენიტენციურ დაწესებულებაში არ ხდება.

“სიცრუეა ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს, ეს არის ახალი დაწესებული შეზღუდვა და ვრცელდება რომელიმე ერთ კონკრეტულ ბრალდებულ/მსჯავრდებულზე.

სწორედ ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმოწერას ეხება ,,№12 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 1 მაისის №526 ბრძანების 37-ე მუხლი, რომლის შესაბამისადაც, ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, დაწესებულების კონტროლით შეუზღუდავი რაოდენობით გააგზავნოს და მიიღოს წერილები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გარდა ამ დებულებით გათვალისწინებული შემთხვევისა;

წარადგინოს განცხადებები, ბრალდებულის/მსჯავრდებულის სახელზე შემოსული წერილების მისთვის ჩაბარებას, აგრეთვე ბრალდებულის/მსჯავრდებულის წერილების ადრესატისათვის გაგზავნას უზრუნველყოფს დაწესებულება. პირადი ხასიათის კორესპონდენცია ადრესატს ეგზავნება ბრალდებულის/მსჯავრდებულის ხარჯით”,– წერია პენიტენციურის განცხადებაში.