“მინდა, თოფაძეების ოჯახს ბოდიში მოვუხადო, ჩვენ პასუხისმგებლობას არ გავურბივართ “–ნინო ქადაგიძე–ჟვანია

“მინდა, თოფაძეების ოჯახს ბოდიში მოვუხადო.   რა თქმა უნდა, სასჯელს იმსახურებს, თუმცა არ მგონია, რომ ასეთს“ – ეს განცხადება ზურაბ ჟვანიას მეუღლემ,  ნინო ქადაგიძემ მისი შვილის, ბუსა ჟვანიას სასამართლო პროცესის შემდეგ გააკეთა, რომელზეც ბუსა ჟვანიას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

“ჩვენ პასუხისმგებლობას არ გავურბივართ. ჩემთვის ეს ისეთივე ტკივილია, თუ არა უარესი, როგორიც არის მათთვის. ვისურვებდი, რომ მე დამმართნოდა ეს. ჩვენ პასუხისმგებლობას, რა თქმა უნდა, არ გავურბივართ“, – განაცხადა ნინო ჟვანიამ.

დღევანდელ პროცესზე მოსამართლემ ადვოკატის შუამდგომლობა ჟვანიას 50 000 ლარიანი გირაოთი გათავისუფლების შესახებ არ დააკმაყოფილა.ბრალდების მხარე ჟვანიას პატიმრობას ითხოვდა.

შეგახსენებთ, რომ დაპირისპირება ლევან თოფაძესა და ბუსა ჟვანიას შორის 2 აგვისტოს თოფაძეების საცხოვრებელ სახლში მოხდა,სადაც გოგი თოფაძის შვილიშვილს, გამოძიების ინფორმაციით, ბუსა ჟვანიამ დანით ჭრილობები მიაყენა. ლევან თოფაძე მძიმე მდგომარეობაში ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. საავადმყოფოში იმყოფებოდა თავად ბუსა ჟვანიაც, რომელიც კლინიკიდან დღეს პირდაპირ სასამართლოში გადაიყვანეს.

ბუსა ჟვანია მომხდარიდან რამდენიმე საათში შსს-მ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავა, თუმცა მოგვიანებით გენერალურმა პროკურატურამ მას ბრალი განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაუმძიმა. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ჟვანიას 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.