დავით ზალკალიანი და ნათია თურნავა თანამდებობებს დატოვებენ – ფორმულა

“ფორმულას” ინფორმაციით, გიორგი გახარიას წასვლის შემდეგ მინისტრთა კაბინეტში ცვლილებები იგეგმება. ირაკლი ღარიბაშვილის მინისტრთა კაბინეტში აღარ იქნება საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი. ფორმულას ცნობით, მის ადგილს ქართული ოცნების მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი გიორგი ხელაშვილი დაიკავებს.

თანამდებობას ტოვებს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავაც, რომელსაც ივანე მაჭავარიანი შეცვლის. ის ახლა ფინანსთა მინისტრის პოსტს იკავებს, თუმცა ვინ დაიკავებს მის თანამდებობას, ჯერჯერობით უცნობია.

გიორგი გახარია დაკავებული თანამდებობიდან დღეს გადადგა. ქართული ოცნების პოლიტსაბჭო დღესვე შეიკრიბა და პრემიერმინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა.