მიუღებელია Ryanair-ის რეისის იძულებითი დაშვება და ჟურნალისტის დაკავება – პრეზიდენტი

“მიუღებელია Ryanair–ის რეისის იძულებითი დაშვება ბელარუსში და ჟურნალისტის დაკავება”,– ასე ეხმიანება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბელორუსი აქტივისტის დაკავებას.

მისი თქმით, დაირღვა მრავალი საერთაშორისო ნორმა, რომლის უგულებელყოფაც შეუძლებელია.

გუშინ, 23 მაისს Ryanair-ის თვითმფრინავმა, რომელიც ათენიდან ვილნიუსში მიფრინავდა და თითქმის ლიეტუვის საჰაერო ტერიტორიაზე იმყოფებოდა, მიმართულება შეიცვალა და მინსკში დაჯდა. ბელარუსმა თვითმფრინავის ეკიპაჟს უთხრა, რომ ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო, რის შემდეგაც მათ უბრძანა, თვითმფრინავი უახლოეს აეროპორტში დაესვათ.

თვითმფრინავის მინსკში დაჯდომის შემდეგ, ბელარუსმა სამართალდამცველებმა 26 წლის აქტივისტი და ჟურნალისტი, Nexta-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი, რომან პროტასევიჩი დააკავეს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ შემთხვევაზე განცხადება გაავრცელა, თუმცა დაკავებულ ჟურნალისტზე და მომხდარ ინციდენტზე არც ერთი სიტყვა არ ახსენა.