მიხაელ ბალაკის 18 წლის შვილი ავტოავარიაში დაიღუპა

გერმანიის ნაკრების ყოფილი კაპიტნის, მიხაელ ბალაკის შვილი ემილიო ბალაკი პორტუგალიაში, ავტოავარიაში დაიღუპა. 18 წლის ემილიო ავარიაში კვადროციკლით მოყვა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.  ამის შესახებ Mirror-ი წერს.

უბედური შემთხვევა შუაღამისას, დაახლოებით 2:10 საათზე, ლისაბონიდან სამხრეთით, ტროიაში მოხდა. როგორც ირკვევა, ბალაკების ოჯახს იქ დასასვენებელი სახლი აქვს, სადაც მიხაელი და მისი ოჯახის წევრები ხშირად ისვენებენ.

ემილიო მიხაელ ბალაკის სამი ვაჟიდან ერთ-ერთია. ყოფილ მეუღლე სიმონესთან ერთად მას ასევე ჰყავს 19 წლის ვაჟი ლუისი და 16 წლის ჯორდი.

2004–2010 წლებში მიხაელ ბალაკი გერმანიის საფეხბურთო ნაკრების კაპიტანი იყო, საკლუბო დონეზე კი მიუნხენის „ბაიერნის“, ლევერკუზენის „ბაიერის“, ლონდონის „ჩელსის“ ღირსებას იცავდა.